რატომ ჩავარდა ჰელსინკის კომისიაში მოსმენა მხოლოდ საქართველოზე, მაშინ, როდესაც კონგრესში ამინდის საბაბით დღეს არცერთი საკითხის განხილვა არ გაუქმებულა, მათ შორის, არც ვენესუელაზე და სირიაზე. საქართველოში არსებული ვითარების შესახებ მოსმენის გადადების ოფიციალურ მიზეზად კომისია უამინდობას ასახელებს, თუმცა ცოტა ხნის წინ კაპიტოლიუმში სიტყვით გამოდიოდა მარკო რუბიო და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებიც გაფრთხილებულები არიან, რომ ამინდის გამო დაგვიანების მხოლოდ ერთ საათიანი შეღავათი მოქმედებს.
განცხადება ჰელსინკის კომისიამ ოფიციალურ გვერდზე ღამის 11:14 საათზე გაავრცელა. საქართველოს შესახებ მოსმენის გადადების ოფიციალურ მიზეზად უამინდობა დასახელდა. თუმცა, უწყებას რატომღაც გამორჩა, რომ შტატებში არსებული ყველა ოფიციალური წყაროს პროგნოზით ვაშინგტონში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. მეტიც, შტატების კადრების მართვის ოფისის გვერდზე განთავსებული ოფიციალური ცნობის თანახმად, დღეს ყველა ფედერალური სამსახური ვალდებულია შეუფერხებლად იმუშაოს.
15 სანტიმეტრიანი თოვლის საფარი რომ ასეთი მნიშვნელოვანი მოსმენის გადადების საფუძველი ვერ გახდებოდა, ეს მმართველ გუნდშიც კარგად იციან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თემაზე საუბრის დროს ყურადღებას მთავარ მომხსენებელზე ლორა თორტონზე ამახვილებს. ენ-დი-აის საქართველოს ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი და მაკკეინის ინსტიტუტის მოქმედი სპეციალისტი მხარს აქტიურად უჭერს ოპოზიციას და სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ასევე მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატია. თორტონი აქციების ორგანიზების მოწოდებითაც ხშირად გამოდის და აქტივისტებს ურჩევს, პროტესტისთვის უფრო რადიკალური ფორმა გამოიყენონ, მაგალითად, სახელმწიფო უწყებებთან ნაკელი დაყარონ. თბილისში დღეს ისიც გაიხსენეს, რომ თორნტონი რადიკალური მხოლოდ საქართველოს მიმართ არ არის, ის უკვე დიდი ხანია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ებრძვის და ამბობს, რომ დონალდ ტრამპი სექსუალური მოძალადეა.
ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ოფიციალური განცხადების მიღმა არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ, თუ რა შეიძლება გამხდარიყო საქართველოს შესახებ მოსმენის გადადების მიზეზი. სამაგიეროდ, დეტალურად იციან, თუ რა უნდა განეხილათ მათ ლობისტებს სენატორების შეკრებაზე.
ამერიკელ კოლეგებს ქართველი კანონმდებლები მიმართავენ და ლორა თორნტონის პოლიტიკური გემოვნების შესწავლისკენ მოუწოდებენ. ოფიციალურ თბილისს არ ესმის, როგორ შეიძლება თორნტონი იყოს ობიექტური მომხსენებელი, მაშინ როდესაც ის ამერიკელი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს მანიაკს უწოდებს. ქართველი დეპუტატების განცხადებით, მაშინ როდესაც ქვეყნები ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინში არიან - სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია პროცესს მხოლოდ აზიანებს.
ჰელსინკის კომისია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ მოსმენის ჩატარებას რომ გეგმავდა, ეს ჯერ კიდევ წინა კვირას გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ გასულ შაბათს შტატების რიგ რეგიონებში ზამთრის შტორმის გამო საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოცხადებული იყო, უწყება რიგით მსურველებს განხილვაში ჩართვისკენ მოუწოდებდა. ხოლო მაშინ, როდესაც ვაშინგტონში ამინდმა გამოიდარა, ჰელსნკის კომისიამ უამინდობის მიზეზით მოსმენა გაურკვეველი ვადით გადადო.