ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილეს ბრალი წარედგინა. ილია ღუდუშაურს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
ღუდუშაურის ადვოკატის თქმით, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას.
"პოზიციის დაფიქსირებისგან ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, თავი შევიკავეთ, იმიტომ, რომ საქმის მასალები ახლა უნდა გადმომცენ და საქმის მასალებს რომ გავეცნობით, შემდეგ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. ბრალი წარუდგინეს კონკრეტულად ერთ-ერთ შესყიდვასთან დაკავშირებით. ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია, ჯარიმასაც ითვალისწინებს საბოლოოდ, სანქციის სახით, ამიტომ, ვფიქრობ, რომ გირაოთი შესაძლებელია სასამართლომ იმსჯელოს," - განაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა.
გამოძიების ინფორმაციით, ღუდუშაურმა, რომელიც 2022 წელს, უწყების შესყიდვების სატენდერო კომისიასაც ხელმძღვანელობდა, უკანონოდ შეაჩერა ტენდერი, გამოაცხადა ახალი და პირობები სრულად მოარგო ერთ კონკრეტულ კომპანიას. სახელმწიფომ კომპანიას უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 მილიონზე მეტი ლარი.
ავტორი: ნანა გოგატაძე