03 აგვისტო 2026,   01:15
ვრცლად
გასაყიდად დატოვებული ნარკოტიკი სადარბაზოებსა და ქუჩებში, დაკავებულია 5 პირი - პოლიციამ თბილისში სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

გასაყიდად განთავსებული ნარკოტიკი სადარბაზოებსა და ქუჩებში - სამალავები სამართალდამცველებმა იპოვეს და ნარკოდანაშაულის ფაქტები აღკვეთეს. დაკავებულია 5 პირი. "კურიერის" ინფორმაციით, ისინი დაფასოებულ ნარკოტიკებს სამალავებში ტოვებდნენ, ადგილმდებარეობას ფოტოს უღებდნენ და კლიენტს უგზავნიდნენ.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ქიზიყის ქუჩაზე პოლიციამ უკრაინის მოქალაქე დანაშაულის ფაქტზე აიყვანა. "კურიერის" ინფორმაციით, 44 წლის კაცი ნარკოტიკის სამალავებში დადებას გეგმავდა, რა დროსაც ის პოლიციამ გააჩერა. ევგენი კოჟურინი გადაამოწმეს და ჯიბიდან 5 შეკვრა, გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკი ამოუღეს.

უკრაინის მოქალაქე ნარკოდანაშაულს აღიარებს. მის საქმეში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ამოღებული "მეთადონი" დევს.

ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ხელშეწყობას აღიარებს თურქმენეთის მოქალაქეც. ახალგაზრდა მამაკაცს ხელბორკილები პოლიციამ მაშინ დაადო, როდესაც გადამოწმების მიზნით შეაჩერეს და გაჩხრიკეს. "კურიერის" ინფორმაციით, ის ე.წ. დამდები იყო. მან სამართალდამცველებს ის ადგილები უჩვენა, სადაც "მეთადონი" ჰქონდა დატოვებული.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიება ისანი-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა ჩაატარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 პირის დასაკავებლად სამართალდამცველებმა საპოლიციო ღონისძიებები სხვადასხვა დროსა და ადგილას განახორციელეს. ნარკოდანაშაულის საქმეში უკვე დევს კონკრეტული მტკიცებულებები, მათ შორის, ჩხრეკისას და სამალავებიდან ამოღებული ნარკოტიკი და ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მოწყობილობები.

დღის ამბები