ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი ევროკავშირის მოსახლეობაში გაჩენილი სკეფსისის მიღმა, ე.წ. Deep state-ის ფარულ გეგმას ხედავს. საუბარია მოქალაქეების საკუთარი ქვეყნებით უკმაყოფილებაზე, რომელსაც შათირიშვილის აზრით, ოლიგარქიული ოჯახები, საკუთარი კონტროლირებადი მედიის საშუალებით ნერგავენ. ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ ე.წ. Deep state-ს ევროპის კონტინენტზე, დემოკრატიის ჩანაცვლება კორპორაციული მმართველობის დანერგვით სურს. მიზნის მისაღწევად კი, კონტინენტზე არსებული კრიზისისთვის, მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის დადანაშაულებას გეგმავს.
შათირიშვილი იმასაც განმარტავს, როგორ უნდა დაიწყოს ევროპაში კორპორაციული მმართველობის სტილის დამკვიდრება. საუბარია ექსპერიმენტულ ქვეყანაზე, რომელშიც ხელისუფლების ამ ფორმით ჩანაცვლებას, ყოფითი პრობლემების სწრაფი მოგვარება მოჰყვება. ფილოსოფოსის აზრით, ამ მოვლენას უძველეს კონტინენტზე ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება, რაც ქვეყნებში იდენტობის, კულტურისა და თვითმყოფადობის სრულ დეგრადაციას გამოიწვევს.
ფილოსოფოსის ნააზრევს არ იზიარებენ ქართულ ოპოზიციაში. ამბობენ, რომ ევროპულ პოლიტიკაში მსხვილი კორპორაციების ინტერესები შესაძლოა მართლაც არსებობდეს, თუმცა ეს მათი აზრით, დემოკრატიისთვის პრობლემა არაა.
განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ თეორიები ევროპაში მსხვილი კორპორაციების პოლიტიკური გავლენების შესახებ წლებია აქტუალურია. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ დღეს ევროპის კონტინენტს არაერთი გეოსტრატეგიული გამოწვევა უდგას. ამ ფონზე, კი მნიშვნელოვანია საქართველომ სწორი ლავირება, იდენტობის, რელიგიის, კულტურისა და სუვერენიტეტის გადარჩენა შეძლოს.
ზაზა შათირიშვილი საკუთარ ნააზრევს ე.წ. Deep state-ის მავნე გავლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას პერმანენტულად უზიარებს. ფილოსოფოსის აზრით, დღეს ევროპული ცივილიზაცია გარდამტეხი კრიზისის წინაშე, კორპორაციების ინტერესების გამო დგას.