10 აგვისტო 2026,   03:34
ვრცლად
"კვლევა, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მმართველ კლასში. ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ბოლო 4 წლის განმავლობაში" - ლევან მაჭავარიანი

"ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს" – წერს "პოლიტიკო" და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია "ეფ ჯი ეს" გლობალის შედეგებს ავრცელებს. გამოკითხვის მიხედვით, "ევროპელები პესიმისტურად არიან განწყობილი მსოფლიოში არსებული მდგომარეობის, მათი ქვეყნებისა და შტატების პრეზიდენტის მიერ შექმნილი საფრთხეების გამო".

გამოკითხულთა 63 პროცენტი აცხადებს, რომ საუკეთესო წლები უკან დარჩა. როგორც "პოლიტიკო" აღნიშნავს, პესიმისტური განწყობა განსაკუთრებით დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში დაფიქსირდა.

ევროპელთა უმრავლესობა - 76 პროცენტი აცხადებს, რომ დემოკრატია მათ ქვეყანაში დაღმასვლას განიცდის. Ipsos-ის შემდეგ კომპანია "ეფ ჯი ეს გლობალის" ახალი კვლევები შეფასების თემაა საქართველოში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირში არსებულმა ბიუროკრატიამ მოსახლეობაში ნიჰილიზმი გამოიწვია.

"კვლევა, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მმართველ კლასში. ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ბოლო 4 წლის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, ეს კვლევაც ადასტურებს იმას, რაზეც "ქართული ოცნება" საუბრობს. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა არანაკლებ ავტორიტეტული ორგანიზაციის Ipsos-ის კვლევა, სადაც ანალოგიური იყო, ძალიან ნიჰილისტური განწყობაა ევროპელ ხალხში. ისინი თვლიან, რომ დემოკრატიის უკუსვლაა ევროკავშირში, ცხოვრების დონის გაუარესება და ძალიან პესიმისტური მოლოდინი აქვთ და ამ ყველაფერს ისიც ადასტურებს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ასახა თავის უსაფრთხოების დოკუმენტში, სადაც ფაქტობრივად, ერთი ერთში არის განმეორებული ის პრეტენზიები, რა პრეტენზიებიც "ქართულ ოცნებას" აქვს ევრობიუროკრატების მიმართ. მთავარი მიზეზი არის, რა თქმა უნდა, მმართველი კლასი. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ჩვენ, არა მხოლოდ კვლევები, არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების საუბრობს რიგი ევრობიუროკრატების, რომლებიც სათავეში უდგანან ევროკავშირს, სისუსტეებზე, არამედ უშუალოდ, ევროკავშირში არის უკვე სერიოზული დაპირისპირება. მაგალითად, ქალბატონი კალასის წინააღმდეგ უკვე ღიად გამოდის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ღიად უპირისპირდება მას ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ამბობენ, რომ მის ხელში ევროპას მომავალი არ აქვს. ასევე, ქალბატონი ურსულა ფონ დენ ლაიერის მმართველობითაც თვითონ ევროპაში არიან უკმაყოფილოები და გადასული არიან ახლა ერთმანეთისკენ თითის გაშვერაზე და ერთმანეთს აბრალებენ იმ რთულ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ევროკავშირი მათი მმართველობის პირობებში,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი. 

 

 

დღის ამბები