ექსპორტ-იმპორტის მზარდი მაჩვენებლების პარალელურად, საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა - პრემიერ-მინისტრმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თქვა, რომ საქართველოში ევროკავშირთან თავსებადი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა წარმატებით დაინერგა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეფორმა ევროკავშირსა და კონვენციის წევრ 39 ქვეყანაში ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს. პრემიერი ამბობს, რომ საბაჟო ადმინისტრაცია მკაცრ კონტროლს ახორციელებს, რათა სანქციების გვერდის ავლისთვის, ქვეყნის ტერიტორიის გამოყენება სრულად გამოირიცხოს.
თანამედროვე საბაჟო სისტემაზე, როგორც ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის და უსაფრთხოების მთავარ საფუძველზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, უწყებაში გატარებულმა წარმატებულმა რეფორმებმა, საქართველოს მყარი ეკონომიკური განვითარება შეუნარჩუნა.
შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა, პროფესიული დღე მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის 180-ზე მეტ წევრ ადმინისტრაციასთან ერთად აღნიშნეს. ღონისძიებაზე მთავარი აქცენტები, ქვეყნის განვითარების პროცესში, მებაჟეების როლზე გაკეთდა.
სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების სერტიფიკატები დღეს, საბაჟო დეპარტამენტის 20 ოფიცერს გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში, მებაჟე-ოფიცრების გარდა, საბაჟო ადმინისტრაციასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე, ღირსების სერტიფიკატი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.