28 იანვარს ჰელსინკის კომისია საქართველოზე იმსჯელებს. ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში კომისია მსურველებს იწვევს. საქართველოს შესახებ ისაუბრებს ჯო უილსონი, რომელიც ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეა. ასევე ცნობილია, რომ ერთ-ერთი თანამომხსენებელი ლორა თორნტონი იქნება, საქართველოში NDI-ის მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც 2025 წლიდან ტრამპის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს და მას "სექსუალურ მოძალადეს" უწოდებს. ამჟამად, თორნტონი "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამის დირექტორია, ის ღიად უჭერს მხარს ქართულ ოპოზიციას, მათ შორის სალომე ზურაბიშვილსაც, რომელიც შარშან ამავე ინსტიტუტის სტიპენდიატი გახდა.
დაგეგმილ დისკუსიასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში - მმართველ გუნდში თორნტონის და უილსონის მტრულ დამოკიდებულებაზე საუბრობენ.
"ჩვენ გვახსოვს ლორა თორნტონი, ის რადიკალური ლიბერალური ფრთის აქტიური წარმომადგენელი იყო საქართველოში. თავისი მუშაობის პერიოდში მუდმივად აფინანსებდა პროექტებს და აქტივისტებს, რომლებიც შემდგომში გაიშიფრნენ და ყველაზე ფაშისტური ლიბერალიზმის მომხრეები აღმოჩნდნენ. იგივე ლორა თორნტონი ახლა ჰელსინკის კომისიაზე ისაუბრებს საქართველოზე და ლორა თორნტონი, რომელიც განსაკუთრებული კრიტიკით და შეურაცხყოფებით გამოირჩევა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე კითხვის ნიშანს იწვევს რა სტატუსით, რა მორალით და რა მიზნით იქნება ის მოსმენილი ჰელსინკის კომისიაზე. ჰელსინკის კომისია ვიცით, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ მოსმენებს ჯო უილსონის განსაკუთრებული დიდი ძალისხმევით აკეთებს ხოლმე, ვისი ინიციატივითაც არის მტრული აქტი საქართველოს წინააღმდეგ დაინიცირებული. არ გამოვრიცხავთ, რომ ამ აქტთან დაკავშირებითაც იყო საუბარი, ხმამაღალი განცხადებები სანქციებთან დაკავშირებით", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.