იტალიაში, რომში საკუთარ სახლში საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა ადამიანი, რომელსაც მსოფლიო მოდის "უკანასკნელ იმპერატორს" უწოდებდნენ.
ვალენტინო გარავანი - დიზაინერი, რომელმაც მოდაში ელეგანტურობა დააკანონა. მისი გარდაცვალება არ არის მხოლოდ ლეგენდის სიკვდილი, ეს არის მომენტი, როცა მოდა ემშვიდობება იმპერატორების ხელწერის ეპოქას.
ვალენტინო გარავანი 1932 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ვოგერაში. მისი გემოვნება იტალიური კინოს, თეატრისა და ოპერის გავლენით ჩამოყალიბდა. ფელინის ეპოქის სცენის დრამატულობა და კლასიკური ქალურობა ვალენტინოს შთაგონების წყაროდ იქცა.
სწავლა პარიზში დაიწყო, სადაც მაღალი მოდა რუტინულ დისციპლინას ჰგავდა. აქ დაეუფლა მთავარ წესს, რომელიც მთელ მის კარიერას განსაზღვრავს - ელეგანტურობა არასდროს ყვირის. ვალენტინო ბრუნდება იტალიაში და იღებს პრინციპულ გადაწყვეტილებას, მოდის სახლი არა საფრანგეთში, არამედ მის მშობლიურ იტალიაში გახსნას.
ვალენტინოს კარიერაში გადამწყვეტი აღმოჩნდა 1962 წლის ჩვენება ფლორენციაში, Palazzo Pitti-ში. სწორედ ამ შოუზე ვალენტინომ პირველად მიიპყრო საერთაშორისო პრესის ყურადღება. ის მაღალი მოდის ახალ ავტორიტეტად და საკულტო დიზაინერად აღიარეს.
ვალენტინოს წითელი - როგორც დიზაინერი იხსენებდა, ერთხელ ოპერაში ნახა ქალი წითელ კაბაში და მიხვდა, რომ ერთ სწორ წითელს შეუძლია მთელი დარბაზის დაპყრობა. ასე დაიბადა Valentino Red - არა უბრალოდ ფერი, არამედ ემოცია: სიყვარული, ვნება, დღესასწაული. დღეს ეს ფერი მოდის ისტორიაში ფენომენად არის აღიარებული.
ვალენტინო იყო "დიდი მომენტების" დიზაინერი, მისი კოსტიუმები განსაზღვრავდა არა სეზონის მოდას, არამედ ქმნიდნენ ეპოქალურ მომენტებს. მის კაბებს ირჩევდნენ სამეფო ოჯახები და ჰოლივუდის ვარსკვლავები.
ვალენტინოს ცხოვრება მთლიანად მოდას ეკუთვნოდა. მას არ ჰყავდა ოჯახი, მისი სახლი იყო ატელი, შვილები - კაბები, მისი მემკვიდრეობა კი - უკვდავი იდეა.
2008 წელს პარიზში ვალენტინოს გამოსამშვიდობებელი ჩვენება გაიმართა. ეს შოუ მოდის ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და ემოციური დამშვიდობება. ვალენტინო პოდიუმიდან წავიდა, მაგრამ მისი სახელი და გავლენა მოდის სამყაროში სამუდამოდ დარჩა. ვალენტინო იყო დიზაინერი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ელეგანტურობა არ არის ტრენდი, ის კულტურული ღირებულებაა.
2024 წლიდან ვალენტინოს მოდის სახლს Alessandro Michele მართავს მისი გამოწვევაა არა ვალენტინოს გამეორება, არამედ მისი ენის თანამედროვე ინტერპრეტაცია.
მოდის სამყაროსთვის ბოლო ერთი წელი დიდი ეპოქის დასასრული გახდა. თუ ვალენტინო ქმნიდა ზეიმს, არმანი კი ყოველდღიურ სტილს. მან გაათავისუფლა კოსტიუმი სიმკაცრისგან. ვალენტინო და არმანი წარმოადგენდნენ ეპოქას, სადაც დიზაინერი იყო შემოქმედი, ატელიე - წმინდა ადგილი, ხარისხი - მთავარი კანონი. ორი იტალიელი, ორი განსხვავებული ხელწერა, მაგრამ საერთო ფასეულობა - ელეგანტურობა.
მათი წასვლით დასრულდა მოდის დიდი ეპოქა, იმპერატორების ხანა და დაიწყო მათი მემკვიდრეობის დრო.