მანიპულაცია და სისტემური დანაშაულის გამართლების მცდელობა - ასე აფასებს მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც სოციალურ ქსელში საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრა და ჩამონათვალში პირველ პუნქტად 2006 წელს კორტების სპეცოპერაციის დროს სასტიკად მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილი ახსენა.
უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში სისტემურ მძიმე დანაშაულებზე საუბრობს და თვლის, რომ ეს ამორალობა და თავის მართლების უსუსური მცდელობაა.
"მიხეილ სააკაშვილს და მის სადისტურ რეჟიმს ხელები აქვს გასვრილი ქართველი ხალხის სისხლში. ჩვენ გვახსოვს მოკლული ახალგაზრდები თბილისის ქუჩებში და არა მხოლოდ. ჩვენ გვახსოვს მიტაცებული ბიზნესი, ჩვენ გვახსოვს წამება, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა 2012 წლამდე საქართველოს ციხეებში, ჩვენ გვახსოვს ოკუპანტისთვის გადაცემული ტერიტორიები, ჩვენ გვახსოვს დანაშაულების კასკადი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ხალხს, საკუთარ ერს თავზე დაატეხა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მისთვის სინდისს არანაირი ღირებულება არ გააჩნია, ის წარმოადგენს ჩვეულებრივ დამნაშავე კრიმინალს, რომელსაც საკუთარი ერის სისხლში აქვს ხელები გასვრილი და დღეს ცდილობს, თავი გაიმართლოს. არადა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით და გვახსოვს მოკლული ახალგაზრდები, მოკლული ვაზაგაშვილი, ნაწამები მოლაშვილი და რომელი ერთი ჩამოვთვალოთ? ათეულობით და ასეულობით მოკლული ახალგაზრდა, წამება, რომელზეც ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სტრასბურგში თქვა, რომ ის გაოგნებას ვერ მალავდა, იმდენად სისტემური ხასიათი ჰქონდა 2012 წლამდე წამებას და ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურად იყო აღიარებული და მიჩნეული დასავლეთში," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი.
ავტორი: ნანა გოგატაძე