06 აგვისტო 2026,   10:32
ვრცლად
ქსელური მარკეტების შემდეგ, პრემიერი დისტრიბუტორებს შეხვდა - სამთავრობო კომისიის მთავარი მიზანია დაადგინოს, რამდენად შესაძლებელია არსებული ფასნამატის დაწევა, რაც სურსათზე სამომხმარებლო ფასებს შეამცირებს

ვინ კარნახობს ბაზარს ფასებს და პირობებს? ქსელური მარკეტების შემდეგ, ირაკლი კობახიძე დისტრიბუტორებს შეხვდა. რითეილებს გუშინ თავიანთი არგუმენტები ჰქონდათ, დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ სურსათის ბიზნესში ყველაზე დიდი ძალაუფლება არც მწარმოებელს აქვს და არც სადისტრიბუციო კომპანიებს, რადგან თამაშის წესებს გამსაღებლები აწესებენ.

სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მთავარი მიზანი ახლა სწორედ ისაა, დაადგინოს რამდენად შესაძლებელია ამ ფასნამატის დაწევა, რაც სამომხმარებლო ფასებს შეამცირებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ორჯერ და სამჯერ მაღალია. ფასნამატის 86%-ში კი, დისტრიბუციის წილი დაახლოებით 44%-ია. საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა დღეს შეხვედრა სწორედ დისტრიბუტორებთან გამართეს. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ბიზნესის ინტერესებსა და სოციალური ფაქტორებს შორის ბალანსის პოვნაა საჭირო.

სადისტრიბუციო სექტორის წარმომადგენლებმა, კომისიის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ პრობლემატური საკითხების შესახებ, რაც საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებთან ურთიერთობის კუთხით არსებობს. დისტრიბუტორებმა თქვეს, რომ ადგილობრივი მწარმოებლები ბაზარზე პირობებს ვერ ადგენენ, რადგან ისინი მხოლოდ შემსყიდველები არიან. მათი შეფასებით, ფასების შემცირება შესაძლებელია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ქსელური მარკეტების დაწესებული გადასახადები საერთაშორისო რეგულირების ჩარჩოებში მოექცევა.

პრობლემა რომ კომპლექსურია, ამის შესახებ საკოორდინაციო კომისიის წევრებიც საუბრობენ. სხვადასხვა სამთავრობო უწყების წევრების განმარტებით, ყველა კანონიერ ბერკეტს გამოიყენებენ, რომ პირველადი მოხმარების პროდუქციის ღირებულება შემცირდეს. დღევანდელი შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში კონსტრუქციულად შეაფასეს და განაცხადეს, რომ სადისტრიბუციო სფეროს წარმომადგენლებისგან კონკრეტული ინიციატივები მოისმინეს.

სამთავრობო კომისიასთან კოორდინირებულად იმუშავებს საპარლამენტო კომისიაც, რომელიც საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე შეიქმნება. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. კანონმდებლების შეფასებით, ყველა უწყების კომპლექსური მუშაობა, სამომხმარებლო ფასების კორექტირებაზე დადებით გავლენას მოახდენს.

საკოორდინაციო კომისიამ, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა, მიმდინარე კვირის დასაწყისში შეხვედრა გამართა მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთანაც. მომდევნო კვირაში კი დაგეგმილია შეხვედრები მეწარმეებთან და ფარმაცევტულ კომპანიებთან.

თავდაპირველად, კომისიას მხოლოდ სურსათის ფასები უნდა შეესწავლა, ახალი გადაწყვეტილებით კი, საკვლევი სფერო გაფართოვდა და პროდუქტებთან ერთად, კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ფასების საკითხითაც დაინტერესდება.

სურსათზე ფასთა წარმოქმნის პროცესის შესასწავლად შევიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა კომპანიებიდან დოკუმენტაცია ამოიღო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმაც. საგამოძიებო მოქმედებებს, ხელი არ შეუშლია, კომპანიების საქმიანობისთვის. გუშინ განცხადება გაავრცელა რითეილ ასოციაციამაც, რომლის მიხედვით - ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომპანიებიდან დოკუმენტაცია, სამართლებრივად დადგენილი წესების მიხედვით გამოითხოვა.

დღის ამბები