საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა. მხარეებმა უდაოდ ცნეს ბრალდების მხარის მოწმეები, რომლის გამოკითხვაც დღეს იყო დაგეგმილი. დღეს პროცესზე აღმკვეთი ღონისძიების საკითხი გადაისინჯა, ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დარჩა.
რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ივნისში დააკავა. მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
"წინასასამართლო პროცესებზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა არაერთი მოწმე, რომლებმაც ბრალდებული პირდაპირ ამხილეს. კერძოდ, ამხილეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში. ეს ფაქტები დადგენილია და დღევანდელ პროცესზე მოწმეები, ვინც იყო წარმოდგენილები, მათი ჩვენებებით დგინდება, რომ როდესაც ხდებოდა კერძოდ შპს ნახიდური ჰესისთვის ინვესტიციების მოზიდვა, ამ პერიოდში მონაწილეობდა ამაში რომეო მიქაუტაძეც. საპროცესო შეთანხმება, რომ გაფორმდეს ამისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები, უნდა ანაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ბრალდებულმა უნდა აღიაროს ჩადენილი დანაშაული, უნდა მოგვმართოს ამის შესახებ პროკურატურას. არც ერთი ასეთი წინაპირეობა სახეზე არ არის", - აცხადებს პროკურორი ირაკლი მარშანია.