03 აგვისტო 2026,   03:59
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით - დაკავებულია როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები

ფონიჭალის დასახლება, დილის 5 საათი - სპეცრაზმი გურამიშვილის ქუჩაზე, ნარკოდამნაშავის სახლთან მობილიზდა.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია 57 წლის მამაკაცი. მისი სახლიდან პოლიციამ ნარკოტიკი ამოიღო.

სპეცრაზმი სხვა მისამართებზეც იყო მობილიზებული. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულების უმეტესობა რეალიზატორია.

ქალი, რომელსაც პოლიციამ ხელბორკილები დაადო, "კურიერის" ინფორმაციით, ალფა პვპს და კოკაინს ყიდდა. ის თურქეთის მოქალაქე ელვან იილანია. ახალგაზრდა ქალი ბათუმში ქირით ცხოვრობდა. სამართალდამცველებმა მისი ბინიდან ლირიკა ამოიღეს. დაკავებამდე კი სამართალდამცველებმა ფარული მასალა გადაიღეს, სადაც ელვან იილანი დაფასოებულ ნარკოტიკს კლიენტს ხელში აწვდის, სანაცვლოდ თანხას იღებს.

ფარული ჩანაწერები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. კადრები მოსამართლის განჩინებითაა გადაღებული და მასში ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტები ჩანს.

ნარკოტიკს ყიდდნენ ხელიდან ხელში, ან სამალავებში ტოვებდნენ. ნარკოტიკის რეალიზაცია საცხოვრებელ ბინებშიც ხდებოდა - ამის ამსახველი ფარული კადრები ბათუმშია გადაღებული. "კურიერის" ინფორმაციით, რეალიზატორმა კლიენტი სახლში დაიბარა, დაფასოებული ნარკოტიკი გადასცა, აიღო თანხა და მის თვალწინ ნარკოტიკული საშუალება თავადაც მოიხმარა.

ყველა პირი, გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულია. ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილი კი ირწმუნება, რომ ნარკოტიკის მომხმარებელია და არა რეალიზატორი.

ადვოკატების თქმით, ნარკოდანაშაულის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ დევს, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შედეგები საპირისპიროს ამტკიცებს.

კოკაინი, ჰეროინი, ალფა პვპ, მეთადონი, მორფინი, ბუპრენორფინი, ემდეემაი, მარიხუანა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით, გამოძიების ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულების სახლებიდან, ავტომობილებიდან და სამალავებიდან ამოიღო.

ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად აღებული თანხაც.

ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გასული წლის სტატისტიკაზეც ისაუბრა. მინისტრის მოადგილის თქმით, 2025 წლის ბოლო 7 თვის მონაცემებით, სამართალდამცველებმა 5000-ზე მეტი ნარკოდამნაშავე დააკავეს, მათგან უმეტესობა რეალიზაციისთვის. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები