სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს, დღის პირველ ნახევარში შევიდა. რასთან დაკავშირებით და რა ფორმით ხდება დოკუმენტების ამოღება, ამაზე "რუსთავი 2-ს" სუს-ში განუცხადეს, რომ გამოძიების ინტერესის საგანი ფასთა წარმოქმნის პროცესია, რისი შესწავლის მიზნითაც დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა ხდება. განჩინების საფუძველზე სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტები ამოიღო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმაც. დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ "კურიერს" უთხრა, რომ საგამოძიებო უწყებამ დოკუმენტები გამოითხოვა, კომპანიების მუშაობა კი შეუფერხებლად გრძელდება.
განცხადება გაავრცელა "რითეილ ასოციაციამაც", რომლის მიხედვითაც, წევრ კომპანიებს ანტიკორუფციულმა სააგენტომ დადგენილი წესისა და განჩინების საფუძველზე მიმართა და დოკუმენტები გამოითხოვა.
სწორედ ნორმების დაცვით მოქმედებასა და პროცესის სრულ გამჭვირვალობას ჰპირდება მმართველი გუნდი საზოგადოებას. ფასების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია საგაზაფხულო სესიაზე საკანონმდებლო ორგანოშიც შეიქმნება.
პროდუქციაზე ფასნამატების დარეგულირების მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დაკომპლექტებულმა საკოორდინაციო კომისიამ საცალო ვაჭრობაში ჩართულ პირებსა და მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გუშინ უკვე გამართა. მთავრობის მეთაურის ინიციატივით შექმნილი კომისია სურსათის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრის შესწავლასაც გეგმავს. კომისიის საქმიანობაში ჩართვა სურს საპარლამენტო ოპოზიციასაც.
ოპონენტებს სპეკულაციასა და საზოგადოების ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. კანონმდებლები პრემიერის ინიციატივის დროულობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
პროდუქტებზე ფასების რეგულირების ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. მიზანი კერძო სექტორის გამართული და მომგებიანი საქმიანობის პარალელურად, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებაა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქციაზე, მოგების შედარებით დაბალ მარჟას გულისხმობს.