სურსათი, რომელიც ერთი შეხედვით სრულ წესრიგშია, რეალურად სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. პროდუქტს ვადა დიდი ხნის წინ გაუვიდა, შეფუთვაზე დატანილი თარიღი კი გაყალბებულია.
კადრებში ასახული პროდუქცია გასაყიდადაა გამზადებული. დანაშაული, კახეთის ერთ-ერთ სოფელში ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა.
საქმის დეტალების გასარკვევად „კურიერი“ სოფელ ქვემო გურგენიანში ჩავიდა. ადგილობრივები ადასტურებენ, რომ ბრალდებული პროდუქციას საკუთარი სახლიდან წლების განმავლობაში ყიდდა. მეზობლები ამბობენ, რომ გაყალბებული ვადების შესახებ არაფერი იცოდნენ. დაკავებულის ოჯახის წევრებმა კი კამერასთან გამოჩენა არ ისურვეს.
საგამოძიებო სამსახურმა საქმის მთავარი ფიგურანტი მტკიცებულებების საფუძველზე დააკავა. უწყებამ ჯერ საკონტროლო შესყიდვა განახორციელა, მოგვიანებით კი ბრალდებულის სახლი გაჩხრიკა. ამოღებულია დიდი ოდენობით ვადაგასული "ბრენდული" სურსათი, ვადის შესაცვლელი კუსტარული ბეჭედი და უკანონო გზით მიღებული თანხა.
ბრალის წარდგენის შემდეგ, სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. მუხლი კი, რომლითაც საგამოძიებო სამსახურმა საქმე აღძრა, 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.