როგორია მოლოდინები ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების დაწევასთან დაკავშირებით - სასურველი შედეგის მისაღწევად პროცესი დაწყებულია. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დაკომპლექტებული საკოორდინაციო კომისია გუშინ "რითეილერებსა" და მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
ითქვა, რომ ფასების განსაზღვრაზე გავლენას არაერთი კომპონენტი ახდენს, რომლის შესწავლასაც ხანგრძლივი დრო დასჭირდება. აქვე ხაზი გაესვა ბიზნესის მთავრობასთან კოორდინაციისთვის მზადყოფნას.
სურსათის გარდა, იგეგმება მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრის შესწავლაც. სავარაუდო კარტელების აღმოჩენის შემთხვევაში, საქმეში სუსი ჩაერთვება.
ფასებთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობისთვის მზადაა გახარიას გუნდი.
"ფასები პროდუქტებზე, სერვისებზე და არამარტო ზოგად, არამედ ჯანდაცვის სერვისებზე, მედიკამენტებზე, ბენზინზე და ა.შ. არის ძალიან მაღალი და მოსახლეობა ითხოვს შველას. შესაბამისად, საპარლამენტო ფორმატში თუ იქნება ამაზე მსჯელობა და მუშაობა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით, ნებისმიერ პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის შევცვალოთ ეს ვითარება," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი ტატა ხვედელიანი.