ვაშინგტონის გადაწყვეტილება ცნობილია, შტატებმა გრენლანდიაში ავიაციის გადასროლა დაიწყო. სამხედრო თვითმფრინავები პიტუფიკის ბაზაზე დაეშვებიან.
გრენლანდიაში თავდაცვის ძალების მობილიზების გადაწყვეტილება მიიღო დანიის ხელმძღვანელობამაც. კოპენჰაგენმა სამოცამდე სამხედროსთან ერთად, კუნძულზე არმიის შტაბის უფროსი გაგზავნა.
კოპენჰაგენის გადაწყვეტილება მიუღებელია ვაშინგტონისთვის. ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კუნძულზე დანიელი ან ევროპელი სამხედროების გაგზავნა დაპირისპირების რისკს ქმნის. გრენლანდია კი შტატების ნაწილი უნდა გახდეს, რადგან მისი დაცვა არც დანიას და არც ევროპას არ შეუძლია. ტრამპი იმეორებს, რომ სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს ყველას ვინც ამ გეგმის განხორციელებაში ხელს შეუშლის.
ამერიკის პრეზიდენტმა, დღეს, საკუთარ ოფიციალურ გვერდზე პოსტების გაზიარებაც დაიყო, სადაც გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილად არის წარმოდგენილი. ვაშინგტონის რიტორიკა მიუღებელია ოფიციალური კოპენჰაგენისთვის. დანიის ხელისუფლება შტატების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და ევროპელ და ნატოელ მოკავშირეებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
მიმდინარე ესკალაციის საკითხზე დონალდ ტრამპთან მოლაპარაკება ემანუელ მაკრონმა სცადა, თუმცა შტატების პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგას ჯერ ყველასთვის უსარგებლო უწოდა, შემდეგ კი, საფრანგეთს ამერიკაში ექსპორტირებულ კონკრეტულ ალკოჰოლურ სასმელებზე 200 პროცენტიანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა, ტრამპმა სოციალურ ქსელში მაკრონის კონფიდენციალური წერილებიც გამოაქვეყნა.
საპასუხოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას შტატები ევროპის დასუსტების და დაქვემდებარების მცდელობაში ღიად დაადანაშაულა. ბრიუსელს კი ვაშინგტონის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტების ამოქმედებისკენ მოუწოდა.
გრენლანდიის მიერთების განზრახვის და დანიის მხარდამჭერი პოზიციის გამო, ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესების გადაწყვეტილებების შემდეგ ვაშინგტონთან ურთიერთობების გადახედვას და საპასუხო ნაბიჯების მიღებას ითხოვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილი.
ევროკავშირის სახელმწიფოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრიუსელი არ უნდა ჩაერიოს დანიას და ვაშინგტონს შორის მიმდინარე სიტუაციაში.
ვითარების ფონზე ვრცელდება დანიელი კანონმდებლის, ანდერს ვისტისენის გამოსვლა, სადაც მან ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ტრამპს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აღნიშნა, რომ გრენლანდია არ იყიდება და დანიის სუვერენიტეტი ვაჭრობის საგანი არ არის.