ცრუ აჟიოტაჟის და ყალბი მოლოდინის შექმნა, ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა, პატიმრების მშობლების საკუთარი პიარისთვის გამოყენება - მმართველი გუნდი ოპონენტების მხრიდან კარგად დაგეგმილ მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციამ ყველაზე ჰუმანური აქტი, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა და აქციების დროს დაკავებული, ძალადობისთვის გასამართლებული პატიმრების მშობლებს ყალბი მოლოდინი გაუჩინა - თითქოს პრეზიდენტს ისინი უნდა შეეწყალებინა. ეს მაშინ, როცა არც ერთ დაკავებულს არც ჩადენილი დანაშაული და არც მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობა ამ დრომდე არ უღიარებია.
საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას არც აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტები და არც მათი მშობლები აღიარებენ, თუმცა ამის მიუხედავად, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მაინც მივიდნენ.
პრეზიდენტ ყაველაშვილს შეწყალების აქტი წარსულშიც არაერთხელ გამოუცია, თუმცა მსგავსი აჟიოტაჟი არ ახსოვს მმართველ გუნდს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს ჰუმანური აქტი ვრცელდება იმ პატიმრებზე, რომლებიც დანაშაულს ინანიებენ, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები კი ჩადენილს არათუ აღიარებენ, არამედ მათი თქმით, რადიკალური პროცესების განვითარებას ციხის დატოვების შემდეგაც აანონსებენ.
პატიმრების მშობლებისთვის ცრუ მოლოდინის შექმნას უარყოფს ოპოზიცია, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პრეზიდენტის მხრიდან აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების იმედი არასდროს ჰქონიათ.
საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯის გაშავება - ეს მმართველი გუნდის თქმით, ოპოზიციისა და კონკრეტული უცხოური ძალების ინტერესებში შედის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპონენტებმა მიზნების მისაღწევად ამჯერად, მსჯავრდებულების ოჯახის წევრები გამოიყენეს.
ციხის კარი დღეს 159 მსჯავრდებულისთვის გაიხსნა. ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, მიხეილ ყაველაშვილმა მორიგი შეწყალების აქტი გამოსცა. პატიმრების დიდი ნაწილი სასჯელს ქსნის და ქუთაისის ციხეებში იხდიდნენ.
პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება უკვე 8-ჯერ გამოიყენა და სულ 964 პატიმარი შეიწყალა. ნათლისღებას შეწყალებულებს შორის არ არიან მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები.
ავტორი: ნანა გოგატაძე.