10 აგვისტო 2026,   07:31
ვრცლად
ქრისტიანული სამყარო 19 იანვარს წმინდა იოანე ნათლისმცემლის დღეს აღნიშნავს - საზეიმო წირვა დღეს ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა

დღესასწაული, რომელიც იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში იესო ქრისტეს ნათლობის ეპიზოდს აღნიშნავს, სახარების მიხედვით ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოა. იორდანეში შესვლით, იესო ქრისტემ "წყალი ხრწნილებისაგან განწმინდა“ და ქრისტიანული ნათლობა დააწესა. ეს დღე მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. საზეიმო წირვა დღეს ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა.

ტრადიციული აიაზმა, იგივე წყლის კურთხევა შესრულდა სამების
საკათედრო ტაძარში.

ღვთისმსახურება მამა ილია ნასიძემ სხვა მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა და მრევლს ნათლისღების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენა.

საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. ნაკურთხი წყალი, რომლის გამოყენებაც მთელი წლის განმავლობაში შეეძლებათ, მორწმუნეებს სახლში მიაქვთ.

ნათლისღება ტრადიციულად აღნიშნეს ბათუმშიც.

მრევლი დღესასწაულს ზღვაში განბანვით შეხვდა. ტრადიციული რიტუალი ამ გადმოცემის სიმბოლური განმეორებაა - სასულიერო პირები ზღვის წყალს აკურთხებენ, ამის შემდეგ მორწმუნეები ზუსტად ღამის 12 საათზე რიტუალს უერთდებიან და ზღვაში შედიან.

მართლმადიდებელი ქრისტიანები ნათლისღებას 19 იანვარს აღნიშნავენ. დღესასწაული ყოველ წელს აღინიშნება მდინარე იორდანეზეც, ადგილზე, სადაც იესო ქრისტე მოინათლა.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები