ბოდიში ერთადერთი არ არის, რასაც საქართველოს ხელისუფლება ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ელოდება. BBC-სგან "ქართული ოცნება" ე. წ. საგამოძიებო ფილმის ყველა პლატფორმიდან წაშლასაც ითხოვს. საჩივარი უკვე ადრესატთანაა, მმართველი გუნდი კი უკომპრომისო სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს. იმ შემთხვევაში, თუ BBC მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, პროცესები ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროში გაგრძელდება. საჭიროების შემთხვევაში კი "ქართული ოცნება" მზადაა ხელისუფლებისა და ქვეყნის ინტერესები სტრასბურგის სასამართლოში დაიცვას.
ბრიტანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს ხელისუფლება აქციების დროს, დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერების გამოყენებაში დაადანაშაულა, თუმცა BBC ტყუილში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ამხილა. მოპოვებული მტკიცებულებებით და ათობით მოწმის გამოკითხვის შემდეგ დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მძიმე ქიმიური ნივთიერება - "კამიტი" არასდროს გამოუყენებია და არც არასდროს შეუძენია. ქართულ გამოძიებას არ ენდობა, ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის კი სჯერა ოპოზიციას.
"ქართული ოცნებისთვის" ე.წ. საგამოძიებო ფილმი ცრუ, დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლურია. მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ BBC-იმ რეპორტაჟი კონკრეტული მიზნისთვის მოამზადა.
მივა თუ არა სამართლებრივი დავა სტრასბურგის სასამართლომდე? - საქართველოს ხელისუფლება სიმართლის დასამტკიცებლად ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას გეგმავს.
ავტორი: ნანა გოგატაძე.