03 აგვისტო 2026,   05:39
ვრცლად
მსხვერპლი მიტოვებულ შენობაში მოტყუებით მიჰყავდათ და ადგილზე ხელკეტებით, ჯაჭვებით, დანებით და სხვა ბლაგვი საგნებით უსწორდებოდნენ - საქართველოში ნეონაცისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს

კადრები, რომლებიც ფიზიკურ ანგარიშსწორებას ასახავს - უკვე იდენტიფიცირებულია 10-ზე მეტი დაზარალებული, რომელთაგან ოთხი არასრულწლოვანია. გამოძიების ინფორმაციით, ნეონაცისტური დაჯგუფება სასტიკად უსწორდებოდა მათ, ვინც მათ ფაშისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდა. ქსენოფობიით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისთვის ადგილი წინასწარ იყო შერჩეული. დაჯგუფების წევრებს მსხვერპლი ძირითადად ავლაბარში მდებარე მიტოვებული აბანოების შენობაში მოტყუებით მიჰყავდათ და ადგილზე ხელკეტებით, ჯაჭვებით, დანებით და სხვა ბლაგვი საგნებით უსწორდებოდნენ.

ორგანიზებული ძალადობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, იმერეთსა და აჭარაში სულ 16 პირი დააკავა, მათ შორის 10 არასრულწლოვანი. ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფება სოციალურ ქსელებში “ბერგმანის“ სახელწოდებით აქტიურობდა. ამ ქსელის ქოლგის ქვეშ დამატებით კიდევ რამდენიმე ძალადობრივი ჯგუფი ერთიანდებოდა.

გამოძიება ბრალდებულების კვალზე მას შემდეგ გავიდა, რაც ჯერ კიდევ ივლისში სამართალდამცველებმა “ბერგმანის“ დაჯგუფების ხელმძღვანელი ლევან აბესაძე და კიდევ 8 პირი დააპატიმრეს, მათ შორის სკოლის 7 მოსწავლე. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაჯგუფების წევრმა გოგონამ 15 წლის ბიჭი, მიტოვებულ შენობაში შეიტყუა, სადაც ის “ბერგმანის“ წევრებმა სასტიკად აწამეს, სხეული დანით დაუსერეს და სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, დაჯგუფების ლიდერისთვის ბოდიშიც მოახდევინეს. მაშინ სამართალდამცველებმა ჩხრეკისას არაერთი მტკიცებულება ამოიღეს. მათ შორის მობილურით გადაღებული კადრები, სადაც სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდებია ასახული. სწორედ ამ მტკიცებულებების საფუძველზე გავიდა გამოძიება ნეონაცისტური დაჯგუფების ახალ ფიგურანტებზე, მათ შორის ერთი მოზარდი გოგონაა.

დაკავებულების ადვოკატები ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. მათ საქმის მასალებს დღეს გადასცემენ, ბრალის წარდგენა კი სავარაუდოდ ხვალ იგეგმება. მანამდე კი შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

დაკავებულებს ბრალს ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებზე წარუდგენენ. დანაშაული 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები