ორკვირიანი მასშტაბური დემონსტრაციების შემდეგ, ირანის ქუჩებში უჩვეულო სიჩუმეა. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, ისლამურ რესპუბლიკაში ბოლო 24 საათში თითქმის ვერცერთი მსხვილი საპროტესტო აქცია ვერ დააფიქსირეს.
თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, ეს დუმილი არა სიტუაციის განმუხტვის, არამედ უპრეცედენტო რეპრესიების შედეგია.
ინფორმაციული ბლოკადის პირობებში, ინტერნეტზე წვდომა მოსახლეობის მცირე ნაწილს ილონ მასკის სტარლინკის დამსახურებით აქვს. სწორედ ამ საშუალებით, ქვეყნიდან გამოსული ბოლო ცნობების თანახმად: საპროტესტო აქციებზე სულ 12 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლიციელებიც. დაკავებულთა სავარაუდო მაჩვენებელი კი 10 ათასს ცდება.
შეთქმულება ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ, ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა, უზენაესი ლიდერის შეურაცხყოფა, ისრაელისა და აშშ-ის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა - დემონსტრანტების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების სია ვრცელია, თუმცა უმძიმეს სასჯელს - ანუ სიკვდილით დასჯას სხვა რამ იწვევს.
ირანული თემიდა დემონსტრანტებს შარიათზე დაფუძნებული უმძიმესი მუხლით "ეფსად-ფილ-არზიათი" ასამართლებს, რაც ითარგმნება, როგორც "ხრწნა დედამიწაზე". ისლამური რესპუბლიკა თვლის, რომ ნებისმიერისთვის, ვინც ხელისუფლების შეცვლას ითხოვს, დედამიწაზე ქაოსსა და გარყვნილებას ავრცელებს, ერთადერთი სასჯელი - სახრჩობელაა.
ჩამოხრჩობა ამ ეტაპზე გადავადდა. დონალდ ტრამპის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად გადაიდო შტატების ინტერვენციაც ირანის ტერიტორიაზე. დონალდ ტრამპი, თავის ადმინისტრაციასთან ერთად, ახლა ფიქრობს რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი - აიათოლა ალი ხამენის რეზა ფაჰლავით, ანუ მონარქების ოჯახის შთამომავლით ჩანაცვლება, თუ ირანელი ხალხისთვის თავისუფალი არჩევანის დატოვების უფლება.
ვიდრე ვაშინგტონი თეირანიდან შემომავალ ინფორმაციას სწავლობს და აანალიზებს, განცხადებას აკეთებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. ისლამური სახელმწიფოს ნომერ პირველი დიპლომატი, 19 დღის განმავლობაში ირანში განვითარებული მოვლენების მიღმა იერუსალიმის სპეცსამსახურების კვალს ხედავს. აბას არაღჩი, ამბობს იმასაც, რომ სიკვდილით უახლოეს მომავალში არცერთი დემონსტრანტი არ დაისჯება.
დიპლომატიური დაპირებების მიუხედავად ვაშინგტონი თეირანს არ ენდობა — პენტაგონი სპარსეთის ყურეში ძალებს სრულ მზადყოფნაში ტოვებს და სიტყვების ნაცვლად, ქმედებებს ითხოვს. დიპლომატიურ ფრონტზე ირანი მარტო რჩება: ბრიტანეთმა საელჩო დახურა, ევროპული ქვეყნები მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებენ, "დიდი შვიდეული“ კი ახალ, უმკაცრეს სანქციებს აანონსებს.
ფაქტი ერთია: ისლამურმა რესპუბლიკამ დროებითი უკან დახევა არჩია, თუმცა ვაშინგტონისთვის რომ საფრთხე არ გამქრალა, ამას ოფიციალური პირების განცხადებებიც მოწმობს. ირანის საჰაერო სივრცე კომერციული ფრენებისთვის დროებით დაიხურა, რაც იმის ნიშანია, რომ რეჟიმი ნებისმიერ წამს ელოდება ციდან მომავალ საფრთხეს. პროტესტის მე-19 დღეს, ათიათასობით გარდაცვლილისა და დაკავებულის ფონზე, ვითარება უცვლელია - თეირანი დუმს, ვაშინგტონი კი აკვირდება.