04 აგვისტო 2026,   23:28
ვრცლად
ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესზე სამი მოწმე დაიკითხა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. დაიკითხა სამი მოწმე. ერთ-ერთი მათგანი ბიზნესმენი დავით დავითაშვილი იყო, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი მიჰყიდა.

დაიკითხნენ, ასევე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ივანე არჯევნიშვილი და გორის ჰოსპიტლის დირექტორი, შალვა მაღლაკელიძე.

"ერთ-ერთი მოწმე იყო უშუალოდ შესყიდვების პროცესში ჩართული და, შესაბამისად, პირდაპირ განმარტავდა, რომ ამ ყველაფერზე გადაწყვეტილებას, საბოლოო ჯამში, იღებდნენ ვლადიმერ ღუდუშაური და გიორგი ხაინდრავა.

შემდეგმა მოწმემ განმარტა, რომ იმ კომპანიის წარმომადგენელმა, რომელმაც გააფორმა ერთ-ერთი ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთან, დაადასტურა, რომ ამ ყველაფერში იყო ფორმალურად ჩართული და მიუხედავად იმისა, რომ მან გააფორმა თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულება, უშუალოდ მას არ შეუსყიდია და არ მიუწოდებია, არამედ სხვა კომპანიები ახორციელებდნენ მის მაგივრად.

რაც შეეხება მესამე მოწმეს - თავდაცვის სამინისტროსთვის მიწერილ წერილს რაც შეეხება და იმ ჰოსპიტალის დირექტორს, რომლისთვისაც შეძენილ იქნა ეს ინვენტარი, აღნიშნულმა მოწმემ განმარტა, რომ მან მიაწოდა იმდროინდელ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო ჰოსპიტალის საჭიროებებიდან გამომდინარე. ვინაიდან, ეს შეიცავდა საიდუმლო ინფორმაციას იმის თაობაზე, კონკრეტულად ჰოსპიტალს რა საჭიროებები ჰქონდა, განმარტა, რომ ეს ყველაფერი მიწოდებული იყო საიდუმლოს სახით. შემდგომში, უკვე შესყიდვა რატომ განხორციელდა საიდუმლოდ, განმარტა, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. უნდა დადგინდეს, ეს შესყიდვები საიდუმლო რატომ უნდა ყოფილიყო, რატომ განახორციელეს და მიზანი რა იყო. მიზანი იყო ის, რომ მათ გაეფლანგათ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონება," - აცხადებს პროკურორი ანა ლეკიაშვილი.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე. დანაშაული 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება, ბურჭულაძესთან ერთად დაკავებულ პირებს - ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას - დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას, ვასილ მხეიძეს კი - გაფლანგვაში დახმარებას ედავებიან.

დღის ამბები