"ევროკავშირის მაღალჩინოსნების განცხადებები და პროცესები, რომელიც ბრიუსელში მიმდინარეობს, ევროკავშირში არსებულ პრობლემებს ადასტურებს", - ასე აფასებს მმართველი გუნდი კაია კალასის განცხადებას და ურსულა ფონ დე ლაიერის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესს. პოლიტიკური ჯგუფი "პატრიოტები ევროპისთვის" ევროპარლამენტში კენჭისყრაზე აყენებენ ევროკომისიის პრეზიდენტის უნდობლობის ახალ ვოტუმს. მიზეზი ევროკავშირის მიერ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული შეთანხმებაა.
"პოლიტიკოს" ინფორმაციით, კალასმა ევროპარლამენტის წევრებთან პირად საუბარში თქვა, რომ, მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კარგი მომენტია დალევის დასაწყებად.
"ყველა ვხედავთ, რომ ბრიუსელი და ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატია და ევროკავშირის ხელმძღვანელობა აცდენილი არიან ევროპელი ხალხის ინტერესებს. ეს არის მთავარი პრობლემა, რაც შემდეგ სხვა პრობლემებს იწვევს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია დღეს მოქმედებს მათთვის გარედან თავს მოხვეული დღის წესრიგით, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება ევროპელი ხალხის ინტერესებს, რაც საქართველოსთან ურთიერთობებზე და ზოგადად ბლოკის საგარეო პოლიტიკაზეც აისახება.
"ევროკავშირი მოლაპარაკებების, განხილვების სერიოზული მონაწილე არ არის და თავადაც ხშირად აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი უფრო მენიუშია, ვიდრე ზის მაგიდასთან - ამ გამოთქმას უკვე თავად ევროპელები იყენებენ ევროკავშირთან დაკავშირებით. ამიტომ, საქართველოსთან მიმართებაშიც, ვფიქრობ, სანამ მოქმედი ბიუროკრატია ბრიუსელშია, რთულია ვიფიქროთ, რომ ამ ურთიერთობის კარდინალური გამოსწორება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.