დონალდ ტრამპმა მომიტინგეებს სამთავრობო შენობების აღებისკენ მოუწოდა და მხარდაჭერა აღუთქვა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი ზომების მიღება იგეგმება.
ამ წუთებში, ტრამპი თეთრ სახლში ეროვნული უშიშროების გუნდთან ერთად შეხვედრას ატარებს.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშში, წყაროებზე დაყრდნობით წერია, რომ, პენტაგონმა ტრამპს წარუდგინა ირანზე დარტყმის სხვადასხვა ვარიანტი და სამიზნე, მათ შორისაა ბირთვული პროგრამის ობიექტები და ბალისტიკური რაკეტების გამშვები პუნქტები.
"ირანელო პატრიოტებო, გააგრძელეთ პროტესტი, თუ შესაძლებელია, დაიკავეთ თქვენი ინსტიტუციები. დაიმახსოვრეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები, თქვენ სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი ხართ.
გავაუქმე ყველა შეხვედრა ირანელ ოფიციალური პირებთან იქამდე, ვიდრე დემონსტრანტების უგუნური მკვლელობა არ შეწყდება. დახმარება გზაშია. თქვენ ნახეთ, რომ ირანთან საქმიანი ურთიერთობების მქონე ნებისმიერ პირზე ტარიფები დავაწესე, ეს დღეს შევიდა ძალაში.
გავხადოთ ირანი ისევ დიდებული. ირანი შესანიშნავი ქვეყანა იყო, ვიდრე ეს მონსტრები მოვიდოდნენ და მას დაიპყრობდნენ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.