ევროკავშირის წევრობის კანდიდატი წევრ ქვეყანასთან გაერთიანებაზე ალაპარაკდა - რუმინეთის შემადგენლობაში მოლდოვას დაბრუნებაზე, რეფერენდუმის შემთხვევაში. მთავარი კი ქვეყნის პრეზიდენტისგან ექნება. მაია სანდუ ღიად ამბობს, რომ მოლდოვას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობა უჭირს, რასაც გეოპოლიტიკას უკავშირებს.
გზა სუვერენიტეტის დაკარგვით ევროპისკენ, ხმა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ - ასე შეფასდა სანდუს განცხადება თბილისში. საკითხს ერთ-ერთი პირველი სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
ხელისუფლების ოპონენტებს სწორედ მოლდოვას ევროპული გზა მოსწონთ. გადის თუ არა ეს გზა სუვერენიტეტის ხელყოფაზე? - ოპოზიციის ნაწილი აღიარებს, რომ სანდუს განცხადება ქვეყნის დამოუკიდებლობის პირდაპირი საფრთხეა, ნაწილი კი ცდილობს მისი ნათქვამი რუმინეთთან მოლდოვას სიახლოვით ახსნას.
უმრავლესობას ოპოზიციის პოზიცია არ უკვირს. იხსენებენ, რომ სწორედ მაია სანდუ უცხადებდა საჯარო მხარდაჭერას 4 ოქტომბრის შტურმის მონაწილეებს.
"ქართულ ოცნებაში" არ უკვირთ არც თავად მოლდოვას პრეზიდენტის განცხადება. მათი შეფასებით, სანდუ ერთ-ერთი ის ლიდერია, ვინც გარე დაკვეთებს დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაკარგვის ხარჯზე ასრულებს. სანაცვლოდ კი ქვეყანას, რომელსაც სუვერენულ სახელმწიფოდ არსებობა უჭირს, ევროკავშირი მოლაპარაკებებსაც კი უხსნის.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მინიმუმ უცნაურია, როდესაც სახელმწიფოს არსებობისთვის აუცილებელი - სუვერენიტეტი - ქვეყნის პირველი პირისთვის პრიორიტეტი არ არის.
ქვეყნისთვის სამწუხარო მოვლენას უწოდებს მოლდოვას პრეზიდენტის პოზიციას პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზე კომენტარი მედიის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.
მოლდოვა 1918-დან 1940 წლამდე რუმინეთის ნაწილი იყო, 1991 წლამდე კი - საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების მიუხედავად დღემდე რჩება დსთ-ის წევრად.