8 600 000 000 ევროდ განსაზღვრა ევროკომისიამ ბიუჯეტი, რომლითაც NGO-სექტორის დაფინანსებას ზრდის. არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერების სურვილმა ევროპელ ბიუროკრატებში კრიტიკა უკვე გამოიწვია. ევროპელი კანონმდებლების ნაწილი ამტკიცებს, რომ ბრიუსელი USAID-ის ჩანაცვლებისთვის ემზადება. მიზანი კი, არა NGO-სექტორის დახმარება, არამედ პოლიტიკური ინტერესით მოქმედი აქტივისტების ქსელის დაფინანსებაა. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში გაწერილი სქემა თბილისში არ უკვირთ. სამთავრობო გუნდში აცხადებენ, რომ პროცესების ამგვარი განვითარება USAID-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელიც იყო, თუმცა მნიშვნელოვანი ახლა ის უფროა, თუ რა მიზნებს მოხმარდება გაზრდილი დაფინანსება.
ევრობიუროკრატების გეგმას მიესალმება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ევროპელი ლიდერების მხრიდან დაანონსებული დაფინანსების ზრდა აჩვენებს, რომ ევროკავშირი ძლიერი მოთამაშეა.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ NGO-სექტორისთვის დაფინანსების გაზრდის მიღმა კონკრეტული ინტერესი დგას - მიაჩნიათ, რომ გარე ძალები მორიგ ჯერზე შეეცდებიან, არასამთავრობო სექტორი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.
ევროკომისიამ არასამთავრობო სექტორის დაფინანსების ზრდის გეგმაზე მუშაობა დიდი ხანია დაიწყო. AgoraEU - ევრობიუროკრატია სწორედ ამ პროგრამის საშუალებით განიხილავს ფინანსური დეფიციტის შევსებას. ევროპელი ლიდერების საბოლოოდ შეჯერების შემდეგ, NGO-სექტორს 8 მილიარდ-ნახევარზე მეტს მომდევნო წლების განმავლობაში გადაუნაწილებენ.