66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან გაერო პირველია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. გენერალური მდივანი სამწუხაროს უწოდებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციას, რომლის მიხედვითაც ამერიკა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას წყვეტს. აღმასრულებელი განკარგულებაც ხელმოწერილია, გაეროში ოფიციალურ მიმართვას ელოდებიან.
დონალდ ტრამპისთვის ათეულობით ორგანიზაცია ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო, მფლანგველი და უსარგებლო აღმოჩნდა. მათ შორის, თეთრი სახლი სამომავლოდ არც ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას განიხილავს. შტატებში აცხადებენ, რომ ამერიკელების კუთვნილი თანხების ხარჯვის დრო დასრულებულია.
ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია თბილისისთვის მორიგი მტკიცებულებაა, რომ საერთაშორისო წესრიგის პრინციპი არ მუშაობს და მორღვეულია. მაგალითისთვის კი ვენეციის კომისიას ასახელებენ და იხსენებენ, რომ სამართლებრივ რეკომენდაციებზე მომუშავე სტრუქტურა ბოლო პერიოდში პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა.
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე საუბრის დროს, ოპოზიცია ამერიკასა და საქართველოს შორის განსხვავებებზე საუბრობს.
მმართველ პარტიაში დღეს მკაფიოდ თქვეს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დატოვება მათ გეგმებში არ შედის, თუმცა არც მათი დასკვნების უპირობოდ მიღებას აპირებენ.
დონალდ ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, გაეროს შემადგენლობაში შემავალ 31, ხოლო მის ფარგლებს მიღმა მოქმედ 35 ორგანიზაციასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს.