"კამიტის" თემის ხელოვნურად გააქტიურების მცდელობა და გარედან მიღებული კიდევ ერთი დაკვეთა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ - ასე აფასებს მმართველი გუნდი აქციის მონაწილეების სოციალურ ქსელებში დაწყებულ კამპანიას და ვიდეო რგოლს, რომელშიც ისინი მათ მოწამვლაზე საუბრობენ და დასავლეთს საქმის გამოძიებაში დახმარებას სთხოვენ.
თბილისში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც დიდი ფინანსური რესურსისა და გარე აქტორების კამპანიის მიუხედავად, საქართველოში მიმდინარე გამოძიებამ და მოპოვებულმა მტკიცებულებებმა, ეგრეთწოდებულ კამიტის თემას წერტილი დაუსვა, ახლა ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ახალი აქტივობა დაგეგმეს. იმისთვის, რომ თემამ აქტუალობა არ დაკარგოს, დაიწყო მათივე დავალებით შექმნილი ფილმის პოპულარიზაცია. რომლის ჩვენებაზეც, იანვრის ბოლოს, საერთაშორისო მედიები მოიწვიეს.
საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტის, მედიცინის დოქტორის, პროფესორის, ვილი პაჭკორიას განცხადებით, "კამიტთან" დაკავშირებით რახან იდე არსებობს კითხვის ნიშნები და ეჭვებია, საჭიროა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, რათა ეს ეჭვები გაქარწყლდეს.
"რადგან კიდევ არის კითხვის ნიშნები და ეჭვები. მოდით ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და დადასტურდეს, რომ ეს ამასთან არ არის დაკავშირებული. ეჭვები რადგან არის უნდა გავაქარწყლოთ ეს ეჭვები", - განაცხადა ვილი პაჭკორიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები, უჩივლონ BBC-ის ნებისმიერ ინსტანციაში და გაირკვეს გამოიყენეს თუ არა აკრძალული ნივთიერებები დაშლის დროს.
"ადამიანის ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი, ეს კამპანია არც წასულა არასოდეს. ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები, უჩივლონ BBC-ის ნებისმიერ ინსტანციაში და გავარკვიოთ გამოიყენეს თუ არა აკრძალული ნივთიერებები დაშლის დროს ერთი წლის წინ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.