მეორე დღეა პოლიტიკური განცხადებების თემაა ამერიკის გადაწყვეტილება, რომელმაც ვენეციის კომისია და კიდევ 65 საერთაშორისო ორგანიზაცია დატოვა. აქედან 31 გაეროს ორგანიზაციაა, რომელიც დემოკრატიის განვითარების, არჩევნების, სამართლის უზენაესობის, კლიმატის და მიგრაციის საკითხებზე მუშაობს.
ვაშინგტონი ინტერესების აცდენასა და თანხების უმიზნო ხარჯვაზე საუბრობს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მილიარდობით დოლარის უცხოურ ინტერესებზე ხარჯვის ეპოქა დასრულებულია. რაც შეეხება ვენეციის კომისიას, შტატები ორგანიზაციის მხრიდან შიდა ჩარევებზე, სუვერენიტეტის შემლახავ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე საუბრობს.
არგუმენტებს იზიარებენ თბილისშიც. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კომისია დიდი ხანია პოლიტიკური დავალებების შემსრულებელ ორგანიზაციად იქცა, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ინსტრუმენტად იყენებდნენ. შტატების გადაწყვეტილების შემდეგ კი, ვენეციის კომისიის დასკვნას პარტიების არა კონსტიტუციურად გამოცხადების პროცესში, ფასი აღარ ექნება.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ ეს მოცემულობა საერთო გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარეა.
"ეს საერთო გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილებაა. ან ამასთან რა კავშირი გვაქვს ჩვენ? ეს არის სრულიად სხვა რამე, გასაგებია შესაძლოა ეს არ იყოს სასიხარულო აშშ-ის გარეშე ამ ორგანიზაციების საქმის გაგრძელება, მაგრამ ჩვენთან რა კავშირი აქვს ამას? ჩვენ ჯერ მივაღწიოთ იმ დონის დემოკრატიულ განვითარებას რა დონეზეც არის ამერიკა და მერე საიდანაც გინდათ იქიდან გამოვიდეთ", - აცხადებს შარაშიძე.