04 აგვისტო 2026,   23:17
ვრცლად
მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის მამა ამტკიცებს, რომ 2024 წელს საპროტესტო აქციებზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები არ გამოუყენებიათ - პარლამენტის თავმჯდომარე ტყუილისა და სიცრუის ტირაჟირებაზე საუბრობს

მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის მამა ამტკიცებს, რომ 2024 წელს საპროტესტო აქციებზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები არ გამოუყენებიათ. ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში, ზურაბ ცეცხლაძემ ისიც თქვა, რომ არ არსებობენ არც დაშავებული სამართალდამცველები. არაერთი ვიდეოჩანაწერის მიუხედავად, ზურაბ ცეცხლაძე ირწმუნება, რომ პროკურატურას აქციის დაკავებული მონაწილეების საქმეში მტკიცებულებები არ აქვს.

ცეცხლაძის მხრიდან ტყუილისა და სიცრუის ტირაჟირებაზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე და ამის მიზეზებსაც კონკრეტულად ხსნის - აქციებზე მოლოტოვის კოქტეილების გამოყენების კონკრეტული ფაქტები და დამადასტურებელი ვიდეომასალა, ევრობიურაკრატების მიერ წახალისებული ძალადობა და ევროკავშირიდან მიღებული დაფინანსება.

არქივი ზვიად ცეცხლაძის არაერთ განცხადებასაც ინახავს, მათ შორის - 2024 წლის 30 ნოემბრის მიმართვას, რომლითაც აქტივისტი ოპოზიციის მხარდამჭერებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის დამზადებასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ხერხებს ასწავლის.

მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ისევ ამტკიცებენ, რომ მოქალაქეების პროტესტი მშვიდობიანი იყო, გიორგი გახარიას გუნდს კი აინტერესებს, ვინ იყო მოლოტოვის კოქტეილის მსროლელის წამხალისებელი.

სახელისუფლებო პარტია ოპონენტებსაც და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებსაც საპროტესტო აქციებს, პარლამენტზე შტურმსა და სამართალდამცველების მისამართით ნასროლ მოლოტოვის კოქტეილის არაერთ ფაქტს ახსენებს.

ზვიად ცეცხლაძე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, 2024 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. საქმის მასალების თანახმად, სამართალდამცველებმა ცეცხლაძის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს გამოსაყენებლად გამზადებული ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, აირწინაღები, საწვიმრები და პირბადეები. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრისა და აპრილ-მაისის აქციების ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორს სასამართლომ სასჯელი ჯგუფური მოქმედების ორგანიზების მუხლით განუსაზღვრა და 2 წელი და 6 თვე მიუსაჯა.

დღის ამბები