03 აგვისტო 2026,   03:49
ვრცლად
"მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა" - პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების - მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის და კიდევ 6 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის წერილობით და ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს. პროცესს ისევ არ დასწრებია პაატა ბურჭულაძე. 

"ამ ვიდეომასალით დასტურდება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. დასტურდება, რომ არავითარი ორგანიზებული ჯგუფური მოქმედება არ ყოფილა. არავითარი შეკავშირება მოქალაქეებსა და ორგანიზატორებად მიჩნეულ ადამიანებს შორის რაიმე გეგმის დასახვა და ამ გეგმის შესაბამისად მოქმედებას ადგილი არ ჰქონია", - აცხადებს ადვოკატი  ბექა ბასილაია.

დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ მუხლებით, რომელიც ჯგუფურად, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

"სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ პირთა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დღეს გამოიკვლია ვიდეომტკიცებულებები, მათ შორის ორგანიზატორების, ასევე კონკრეტულ პირთან მიმართ. მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა", - აცხადებს პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი.  

 

დღის ამბები