საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. ღია წყაროების მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ ამერიკამ დააკავა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი, რომლის ეკიპაჟის 6 წევრი და მათ შორის კაპიტანი ქართველია.
სააგენტო გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებენ, რომ დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირება, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება და ქართველების შესახებ ინფორმაციის მოძიება მიმდინარეობს.
"ღია წყაროების მიხედვით, 2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის "Marinera" ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, მათ შორის 6 – საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია. ასევე, ეკიპაჟში არიან 20 უკრაინის და 2 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტანკერი დაკავებული იქნა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამჟამად ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით უწყებაში არ შესულა.