დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატები 66 საერთაშორისო ორგანიზაციას დატოვებს, მათ შორისა ვენეციის კომისიაც. თეთრი სახლის განცხადებით, ეს სტრუქტურები ეწინააღმდეგება ამერიკის ინტერესებს, უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს.
შტატების გადაწყვეტილებას აფასებენ თბილისში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკა ვენეციის კომისიას დატოვებს, მათ დასკვნას პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების პროცესში ფასი აღარ ექნება.
"ქართულ ოცნებაში" ასევე ამბობენ, რომ ვენეციის კომისია დიდი ხანია პოლიტიკური დავალებების შემსრულებელ ორგანიზაციად იქცა, რომელსაც საქართველოს მიმართ ინსტრუმენტად იყენებდნენ.
"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აღარ არსებობს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო წესრიგი, რომლის ნაწილიც არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციის ფარგლებში საკითხების განხილვა მორღვეულია. ამერიკა გამოდის დასაბუთებით, რომ უსარგებლო, ფულის მფლანგველი ორგანიზაციებია, რაც თავისთავად აჩვენებს, რომ მათ სერიოზულობას წყალი აქვს შეყენებული. ასევე, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით, რომ საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს.
ვენეციის კომისია იქცა ქვეყნების წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად, რათა თავს მოახვიონ სხვადასხვა ინსტრუმენტი თუ ინსტიტუტები, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარეობს. საქართველოსთან დაკავშირებით ეს არაერთხელ ძალიან გამოჩნდა, როდესაც ნაცვლად სამართლებრივი დასკვნებისა და მოსაზრებებისა, პოლიტიკური დასკვნები, მოსაზრებები ვნახეთ. ეს აშკარად იკვეთება ვენეციის კომისიის ანგარიშებში, რაზეც ვენეციის კომისიისთვისაც გვაქვს შეხვედრების დროს ნათქვამი. ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრი, ვენეციის კომისია ევროსაბჭოს ერთ-ერთი ინსტიტუტია.
ჩვენთვის, როგორც ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოსთვის, შემაშფოთებელია, რომ ვენეციის კომისიამ შეიცვალა საკუთარი პროფილი და პროფესიული, სამართლებრივი დასკვნების შედგენის ნაცვლად, ჩვეულებრივ პოლიტიკურ კომენტატორად გადაიქცა და პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე დებს სხვადასხვა მოსაზრებას, დასკვნებს. ზუსტად ეს დაადასტურა აშშ-მა, რომელმაც დატოვა ვენეციის კომისია დასაბუთებით, რომ უსარგებლო, ფულის მფლანგველი ორგანიზაციაა. ეს კიდევ ერთხელ აძლიერებს ჩვენს მოსაზრებას, რომ ვენეციის კომისია აცდენილია თავდაპირველ მისიას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.