დეკლარაცია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე და შეუთანხმებლობა ტერიტორიულ საკითხზე - ამ შედეგით დასრულდა პარიზში სამშვიდობო მოლაპარაკება. შეთანხმება ელისეის სასახლეში გაფორმდა. ემანუელ მაკრონის ინფორმაციით, შეიქმნება ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მექანიზმი. დეკლარაციით გათვალისწინებულია უკრაინის არმიის გადამზადება და გადაიარაღებაც.
დეკლარაციის გარდა, შეთანხმება დაიდო კიევს, პარიზსა და ლონდონს შორის. რომლის მიხედვითაც საფრანგეთი და ბრიტანეთი უკრაინაში სამხედროებს გაგზავნიან. ახალი თავდასხმის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ვალდებულების კონკრეტული მექანიზმიც. თუმცა, ლონდონში დაბრუნებულმა კირ სტარმერმა პარიზში მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტს გააცნო და თქვა, რომ საკითხს საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრაზე გაიტანს.
ცნობილია, რომ სამხედროებს უკრაინაში გაგგზავნის საფრანგეთიც. უარი თქვა იტალიამ და რუმინეთმა. კითხვის ნიშნის ქვეშ არის გერმანია, რადგან, კანცლერის თქმით, მზადაა, ჯარი უკრაინის მახლობლად განათავსოს, მაგრამ მხოლოდ ნატო-ს ტერიტორიაზე. გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ესპანეთს.
პარიზში გამართული მოლაპარაკებებით კმაყოფილია მთავარი მედიატორი. დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა თქვა, რომ შტატები ყველაფერს გააკეთებს უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად.
ამერიკამ სწორედ მშვიდობის მისაღწევად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის მიიღო განსაკუთრებული მადლობა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტისგან. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა შტატების წარმომადგენლებთან ყველაზე რთულ - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურისა და ტერიტორიების შესახებ საკითხებზე მუშაობას ისევ განაგრძობს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ პარტნიორებთან და აშშ-სთან საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით ცდილობს შეთანხმებას. თუმცა, ომის დასასრულებლად, უკრაინას რუსეთის თანხმობა სჭირდება. მოსკოვს კი პარიზში გამართული შეკრების შემდეგ არაფერი უთქვამს - ვლადიმერ პუტინი ჯერ შობას ზეიმობს.