18 ივნისი 2026,   22:40
ვრცლად
მსყიდველობითი უნარი, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ჯანდაცვა - საფრანგეთის მოსახლეობის 60%-ზე მეტი ქვეყანაში არსებული ვითარების აღსაწერად სიტყვა "შეშფოთებას" ირჩევს

BFMTV-სთვის ჩატარებული Elabe-ს გამოკითხვის თანახმად, რომელიც ორშაბათს, 5 იანვარს გამოქვეყნდა, ფრანგების თითქმის ნახევარი (46%) მიიჩნევს, რომ 2026 წელი 2025 წელზე უარესი იქნება. გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, საზოგადოება შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული ვითარებით.

იმ სიტყვებს შორის, რომლებიც ფრანგების განწყობის აღსაწერად შეირჩა, გამოკითხულთა 60%-ზე მეტი სიტყვა - შეშფოთებას ასახელებს, მიუხედავად რესპონდენტთა პოლიტიკური შეხედულებებისა, - იტყობინება ფრანგული ტელეკომპანია BFMTV.

სოციოლოგიური კომპანია Elabe-ის კვლევაზე დაყრდნობით - "შეშფოთება" - ფრანგებისთვის საკვანძო სიტყვაა.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, იმით, რაც ქვეყანაში (საფრანგეთში) ხდება, ფრანგები ასევე თავს გრძნობენ "გაღიზიანებულად, გაბრაზებულად და დაღლილად“ .

ფრანგები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გააუმჯობესოს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი (44%), გააძლიეროს ბრძოლა უსაფრთხოების საკითხებთან და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან (39%), შეამციროს ეროვნული ვალი (38%) და გააუმჯობესოს ჯანდაცვის სისტემა (36%).

გარდა ამისა, მოქალაქეების 35%-მა გამოთქვა შეშფოთება პოლიტიკური არასტაბილურობის, ხოლო 33%-მა - გაზრდილი იმიგრაციის შესახებ.

საერთო ჯამში, საფრანგეთის მაცხოვრებლების 46% მიიჩნევს, რომ 2026 წელი, გასულ წელთან შედარებით, უარესი იქნება. ამ ფონზე, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა (52%) გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყანას "ცვლილებები სჭირდება" 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდეც კი.

კვლევა ჩატარდა ონლაინ რეჟიმში, 2-3 იანვარს, 1 000 ზრდასრულ ფრანგს შორის. ცდომილების ზღვარი მითითებული არაა.

დღის ამბები