ნარკოდანაშაულის ადგილზე, ერთ-ერთ ოთახში პოლიციას მარიხუანას კულტივირებისთვის მოწყობილი სათბური დახვდა.
ბინა რუსეთის ორ მოქალაქეს ჰქონდა ნაქირავები. დაკავებულები არიან დარინა სლივკინა და სერგეი დურბაჟევი. მათი სახლიდან პოლიციამ 17 ძირი კანაფი ამოიღო.
რუსეთის მოქალაქე დააკავეს სამართალდამცველებმა ჯაფარიძის ქუჩაზეც. 30 წლის მამაკაცი ბინაში ნარკოტიკს, ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალას, ელექტრო სასწორს, წებოვან ლენტებს და პოლიეთილენის პარკებს ინახავდა.
უცხო ქვეყნის გარდა, ნარკოდანაშაულისთვის საქართველოს მოქალაქეებიც არიან დაკავებულები. საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, აჭარის, იმერეთის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო 24 საათში ჩაატარეს.
ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი.
შიდა ქართლში, სოფელ მეჯვრისხევში ახალგაზრდა ქალი სამართალდამცველებს იმ სამალავს უჩვენებს, სადაც გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკი დატოვა. "კურიერის" ინფორმაციით, ის 41 წლის მაკა ბერაშვილია, რამდენჯერმე ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 53 წლის მამაკაცი. "კურიერის" ინფორმაციით, აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმში გია რიჟვაძე აიყვანეს. სამართალდამცველებმა ის ქუჩაში გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პირადი ჩხრეკისას 12, ხოლო ავტომობილიდან 28 შეკვრა გასაყიდად გამზადებული მეთადონი ამოიღეს. რიჟვაძემ პოლიციას ის ადგილიც უჩვენა, სადაც ე.წ. "ფაქტი" უკვე დადებული ჰქონდა.
საგამოძიებო მოქმედებები სამართალდამცველებმა რიჟვაძის სახლშიც ჩაატარეს. ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინიდან მეთადონი და დაფასოებისთვის საჭირო მასალა ამოღებულია.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების ამსახველი კადრები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მასალაში მცირე ზომის მინის ცარიელი ჭურჭელიც ჩანს, სავარაუდოდ, ბრალდებულები მას ნარკოტიკის გადასანაწილებლად იყენებდნენ.
დაკავებულებს გამოძიება ნარკოტიკის შეძენა-შენახვას და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
მეთადონი, ალფა-პვპ, გამომშრალი მარიხუანა და მცენარე კანაფი - ეს იმ ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალია, რომელიც ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული და საქმეში დევს.