ომის 1406-ე დღე რუსეთის ბრალდებითა და უკრაინის თავის მართლებით დასრულდა. მოსკოვმა კიევი ნოვგოროდის ოლქში მდებარე ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობაში დაადანაშაულა. რუსეთის პრეზიდენტმა კი დეტალები ამერიკელ კოლეგას ტელეფონით აცნობა. არ დააყოვნა დონალდ ტრამპის გაბრაზებამ. თუმცა, შტატების 47-ე პრეზიდენტმა პუტინის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება გადაწყვიტა.
ფაქტს უარყოფს უკრაინის პრეზიდენტიც და საგარეო საქმეთა სამინისტროც. ზელენსკი აცხადებს, რომ ყალბი ამბავი რუსეთს კიევის სამთავრობო კვარტალზე დაგეგმილი თავდასხმის გამართლებისთვის სჭირდება. პუტინის ბრალდებას კი თავადაც ბრალდებით პასუხობს და ირწმუნება, რომ რუსეთის პრეზიდენტს ომის დასრულება არ სურს. თავად ზელენსკის მშვიდობა არ უნდა ნებისმიერ ფასად და ტერიტორიულ საკითხს ისევ წითელ ხაზად ტოვებს.
ზელენსკის ამ მცდელობას მოსკოვი ირონიით პასუხობს. სერგეი ლავროვი მოუწოდებს კიევსა და დასავლეთს, რომ ის ტერიტორიული რეალობა აღიარონ, რომელიც რუსეთის საზღვრების გაფართოების შემდეგ წარმოიშვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ასევე აუცილებელია უკრაინის დემილიტარიზაცია.
მოსკოვისა და კიევის ურთიერთბრალდებების ფონზე აშშ არ წყვეტს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის 20-პუნქტიან გეგმაზე 90% შეთანხმებულია. ახლა ჯერი ვლადიმერ პუტინზეა, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.