ფლორიდაში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, უკრაინამ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბევრი რამ გადაიტანა, რასაც ძალიან ბევრი ქვეყანა ვერ შეძლებდა.
"ეს ჯენტლმენი ძალიან ბევრს შრომობს. ის მამაცია, მისი ხალხიც ძალიან მამაცია. რაც მათ გადაიტანეს, იშვიათ ერს თუ გადაუტანია. ჩვენ დღეს ძალიან კარგი შეხვედრა გვექნება, რომლის დამთავრების შემდეგაც ვლადიმერ პუტინსაც გადავურეკავ და გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებების დაწყებამდე.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, რომ მისი აზრით, როგორც ზელენსკის, ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სამშვიდობო შეთანხმების დადება სურთ.
კითხვას, მოჰყვება თუ არა დღევანდელ შეხვედრას შეთანხმება, ტრამპმა უპასუხა:
"მე მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს შეთანხმების საფუძველი". ტრამპის თქმითვე, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარება რთული აღმოჩნდა, მაგრამ "ჩვენ ამას მივაღწევთ; დღეს შესანიშნავი შეხვედრა გვექნება". ტრამპმა უარი თქვა იმაზე კომენტარის გაკეთებაზე, ელის თუ არა შეთანხმების მიღწევას წლის ბოლომდე და თქვა: "მე არ მაქვს ვადები. იცით, რა არის ჩემი ვადა? ომის დასრულება".