19 ივნისი 2026,   00:15
ვრცლად
მოლაპარაკებები ომის დასრულებაზე - რა დათმობებზე წავლენ ომში ჩართული მხარეები, ჯერ ისევ უცნობია

შეძლებენ თუ არა კიევი და მოსკოვი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ვოლოდიმერ ზელენსკი ამბობს, რომ დონალდ ტრამპის დავალებით შექმნილი 20 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა თითქმის 90 პროცენტით მზად არის, მაგრამ დარჩენილია რამდენიმე წითელი ხაზი, ესენია - დონბასი და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. სწორედ ამ უკანასკნელთან დაკავშირებით აწარმოებს შეერთებული შტატები მოსკოვთან მოლაპარაკებას. სხვადასხვა მედიის ინფორმაციით, საუბარია იმაზე, რომ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური ვაშინგტონმა და მოსკოვმა ერთობლივად მართონ და კრიპტოვალიუტის მაინერები დაამონტაჟონ. 4 წლიან ომში მყოფ ვოლოდიმერ ზელენსკის კი მხოლოდ ის დარჩენია, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტს დაელოდოს და დონალდ ტრამპის შეთავაზებული მშვიდობა მიიღოს.

კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც კიევისთვის უსიამოვნოა. გამოცემა "აქსიოსის" ცნობით, ვლადიმერ პუტინი პირველად დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას სადავო ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩასატარებლად. თუ ვის სასარგებლოდ დასრულდება ეს რეფერენდუმი ოკუპაციის ქვეშ მყოფ რეგიონში, წინასწარი დასკვნები მარტივია. მსოფლიოს ჯერ კიდევ კარგად ახსოვს ანალოგიური რეფერენდუმები ყირიმში, ლუგანსკსა და დონეცკში, რასაც 2022 წლის ომი მოყვა.

კიდევ ერთხელ, უკრაინის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის მონაწილეობის გარეშე რომ მიიღება, სტატია სწორედ ამას ამტკიცებს. რუსული "კომერსანტის" ცნობით, ახლა თეთრი სახლი და კრემლი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ანუ მსჯელობენ, ვის და რა ფორმით უნდა გადაეცეს სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია. უფრო მეტიც, გამოცემის ჟურნალისტი, ანდრეი კოლესნიკოვი წერს, რომ ეს ინფორმაცია რუს ბიზნესმენებს დახურულ შეხვედრაზე თავად ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაანდო.

ირკვევა ისიც, რომ სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე, ვლადიმერ პუტინმა ტრამპისა და ზელენსკის გუნდებთან მიმდინარე მოლაპარაკებებიც განიხილა.

დახურულ კარს მიღმა რა ითქვა, კონკრეტულად არავინ იცის, თუმცა პროცესთან დაკავშირებით ბოლო სიახლეებზე კრემლის პრესსპიკერმა სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.

შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინული მხარეც. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უახლოეს მომავალში თეთრი სახლის ლიდერს შეხვდება. ამერიკულმა მედიამ გაავრცელა სავარაუდო თარიღი და ითქვა, რომ შესაძლოა ტრამპი-ზელენსკის მორიგი შეხვედრა 28 დეკემბერს ვიხილოთ. მანამდე კი, გავრცელდა ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მიმართვაც. მისი განაცხადა, მშვიდობის დამყარების პროცესში გარკვეული პროგრესი მიღწეულია.

ჯერ დუმს ოფიციალური ვაშინგტონი. თუმცა, ხმაურიან განცხადებას კიევიდან, მიხაილო პოდოლიაკი აკეთებს, თან ისეთ საკითხზე, რომელიც უკვე ყველამ იცის, რომ - პუტინისთვის წითელ ხაზია.

უკრაინაში ომი უკვე მეოთხე წელს ითვლის. მთელი ამ დროის განმავლობაში კიევსა და მოსკოვს შორის არაერთი მოლაპარაკება შედგა, მათი უმეტესობა შედეგის გარეშე დასრულდა. ახლა, ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დამყარებას ვაშინგტონი ცდილობს. წავლენ თუ არა ომში ჩართული მხარეები დათმობებზე - სისხლის ღვრის დასრულების სანაცვლოდ, ეს ჯერ კიდევ უცნობია.

დღის ამბები