პარლამენტი ქსელურ მაღაზიებში საკვებ პროდუქტებზე არსებული ფასების შესწავლას საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე დაიწყებს.
საკანონმდებლო ორგანო სპეციალური კომისიის შექმნას აპირებს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე მუშაობას იწყებს კონკურენციის სააგენტოც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკითხს დეტალურად შეისწავლის.
სურსათის ფასებზე კომპლექსური მიდგომის მიზნად სავარაუდო კარტელური გარიგებების გამოვლენა და პრობლემის მოგვარება სახელდება.
"რითეილ ჯგუფმა", რომელშიც ბაზარზე მოქმედი ბიზნესის დიდი ნაწილი შედის, პრემიერთან კონსულტაციებისთვის მზადყოფნა უკვე გამოთქვა.
აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები გრძელდება. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას ეხმაურება და, ასევე, აღნიშნავს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ", სისხლის სამართლის კოდექსში არსებული 195-ე მუხლი გააუქმა, რაც მონოპოლიურ საქმიანობასა და კონკურენციის შეზღუდვაზე სასჯელს ითვალისწინებდა.
"გააუქმეს ეს კანონმდებლობა. რატომ გააუქმეს? - იმიტომ, რომ მონოპოლისტური საქმიანობა უნდოდათ. მაშინ, როდესაც მონოპოლისტურ საქმიანობას მთელი მსოფლიო ებრძვის, რათა ბაზარი არ მოიშალოს თავის ქვეყანაში და სამართლიანად ხდებოდეს ყველაფერი, მათ ამ პირობებში მოშალეს მთელი ეს კანონმდებლობა. რა თქმა უნდა, ასე გაგრძელება არ შეიძლება.
სპეცსამსახურების ჩვეულებრივი სტილია, რომ გადახედონ იქით, სადაც არ არის მაინცდამაინც საფრთხე და სინამდვილეში, სხვა მეთოდებითა და სხვა ადამიანების მეშვეობით მოქმედებდნენ. კარგად, რომ დავფიქრდეთ, მათ უნდოდათ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა, მართლა ხაბეიშვილის დონეზე აპირებდნენ ამის გაკეთებას?! - ალბათ არა...
არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ პროკურატურამაც რაღაცებისკენ მინიშნება გაგვიკეთა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოძიება უფრო ღრმა ფესვებამდე მიგვიყვანს," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.