06 აგვისტო 2026,   06:20
ვრცლად
მთავრობა სურსათის ფასის რეგულირებას გეგმავს - პრემიერ-მინისტრი განმარტავს, თუ რა განაპირობებს ქართულ ბაზარზე სურსათის ფასის სიდიდეს ევროპულთან შედარებით

ვიდეომიმართვაში, რომელიც მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, პრემიერ-მინისტრი დეტალურად განმარტავს, თუ რა განაპირობებს ქართულ ბაზარზე სურსათის ფასის სიდიდეს, ევროპულთან შედარებით. ირკვევა, რომ საბაჟოდან მარკეტების დახლებამდე იმპორტირებული პროდუქტის ფასნამატი, საშუალოდ, 86 პროცენტს შეადგენს. სურსათის ღირებულებაზე ნეგატიურ გავლენას ძირითადად დისტრიბუტორებისთვის დაწესებული მაღაზიაში შესვლის მაღალი საფასური, საოპერაციო თანხის დაგვიანება და ახალი მარკეტის გახსნის ხარჯების პროდუქტის ფასზე ასახვა ახდენს. ირაკლი კობახიძის აზრით, მნიშვნელოვანია, მარკეტების სუფთა მოგების ევროპულ სტანდარტზე დაყვანაც.

პრემიერ-მინისტრი ვიდეომიმართვაში ქართული პროდუქციის მარკეტებში უფრო ინტენსიურად გამჩენის აუცილებლობაზეც საუბრობს. ხელისუფლების გეგმა მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემის მოსაგვარებლად ანტიმონოპოლიური სამსახურის აქტიურ მუშაობასაც ითვალისწინებს. ირაკლი კობახიძემ დღეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც დააანონსა, რომელიც ფასებზე სავარაუდო კარტელური გარიგებების არსებობას საჯარო ფორმატში შეისწავლის.

პრემიერ-მინისტრის მიმართვას, დღეს, საერთო განცხადებით უპასუხეს საქართველოში მოქმედმა ქსელურმა მარკეტებმა. "რითეილ ჯგუფი", რომელშიც ბაზარზე მოქმედი ბიზნესი შედის, პრემიერთან კონსულტაციებისთვის მზადაა. ბიზნესმენები ძირითად პრობლემად დღგ-ის მაღალ ნიშნულს ასახელებენ.

კომპანიებთან სასურსათო პროდუქციის ფასების დარეგულირებაზე აქტიურ მუშაობას გეგმავს ეკონომიკის სამინისტროც. უწყებაში განმარტავენ, რომ მაღალი ფასნამატების პრობლემას ევროპული გამოცდილების შესაბამისად მიუდგებიან.

ინიციატივას არადამაჯერებლად მიიჩნევს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ სასურსათო ბაზარზე მსგავსი ტიპის ჩარევა ბიზნესს დააზიანებს, რაც ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.

პროდუქციაზე ფასის შემცირებისა და სავარაუდო დარღვევების აღმოჩენის მიზნით, საპარლამენტო კომისია მუშაობას საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს - პრემიერის მიმართვას დღეს პარლამენტის სპიკერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. კანონმდებლების აზრით, საკითხის მოგვარება მოქალაქეებისთვის ბევრ პრობლემას აღმოფხვრის.

სასურსათო ქსელური მარკეტების მუშაობის კეთილსინდისიერებას, მთავრობის მეთაურის ბრძანებით, კონკურენციის სააგენტოც შეისწავლის. მოკვლევის დასრულების შემდეგ, კარტელური გარიგებების აღმოჩენის შემთხვევაში, გამოძიება სამართალდამცველ ორგანოებში გადაინაცვლებს.

დღის ამბები