16 აგვისტო 2026,   02:09
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი სერბეთში დასრულდა - რა შედეგებით ბრუნდება პრეზიდენტის დელეგაცია სერბეთიდან

საქართველოს პრეზიდენტი, იმ კონკრეტულ შედეგებზე საუბრობს, რომელიც ბელგრადში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებს უახლოეს მომავალში მოჰყვება. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გამართული შეხვედრების დროს, ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და ყველა იმ საკითხებზე იმსჯელეს, რაც სერბეთ-საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს განსაზღვრავს.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილს დღეს სერბეთის ვიცე-პრემიერმა უმასპინძლა. სინიშა მალიმ, ქართული დელეგაციის წევრებს Belgrade Waterfront-ი დაათვალიერებინა, რომელიც 3 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების ურბანული პროექტია და ქალაქში ახალ საერთაშორისო დანიშნულების ცენტრს ქმნის. პროექტი სერბეთის მთავრობას და კომპანია "იგლ ჰილსს" შორის დადებული შეთანხმების შედეგად ხორციელდება. პროექტის ირგვლივ სპეკულაციებზე დღეს პრეზიდენტმა ბელგრადში ისაუბრა, და თქვა რომ სერბეთის მაგალითზე, "იგლ ჰილსის" სანდოობაში ეჭვი აღარავის უნდა შეეპაროს, დეზინფორმაციას კი წერტილი უნდა დაესვას.

დღეს, შეხვედრა სერბეთის კულტურის მინისტრთანაც გაიმართა. სტუმრებს სერბეთის ეროვნული მუზეუმი და მასში დაცული ექსპონატები გააცნეს. სერბეთთან საქართველოს კულტურულ-ისტორიულ ერთობაზე ამახვილებენ ყურადღებას ქართული დელეგაციის წევრები.

ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები, სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება - ქართველი პოლიტიკოსების განმარტებით, კულტურულ-ეკონომიკური, თუ პოლიტიკური მიმართულებით, ოფიციალურ ბელგრადთან კავშირების გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს.

ბელგრადში გამართულ შეხვედრებს არ ჩაუვლია რეგიონული თანამშრომლობისა და თანამედროვე გეოპოლიტიკური რეალობის ფონის გათვალისწინებით, შუა დერეფნის მნიშვნელობაზე საუბრის გარეშე. ამ მიმართულებით არსებული პერსპექტივები განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა სერბეთის პრემიერ-მინისტრთან და ეროვნული კრების თავმჯდომარესთან შეხვედრების დროს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სერბეთში განსაკუთრებულად აფასებენ საქართველოს არა მარტო ეკონომიკურ მიღწევებს და ქვეყანას რეგიონში წარმატების მოდელად განიხილავენ. მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად სერბეთის პატრიარქმაც მიიღო. მისმა უწმინდესობა პორფირემ, სტუმრებს წმინდა სავას ტაძრის ისტორია გააცნო.

საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი სერბეთში დასრულდა. ბელგრადის საერთაშორისო აეროპორტიდან სტუმრები სერბეთის პირველმა ლედიმ, თამარა ვუჩიჩმა გააცილა.

დღის ამბები