ბრიუსელის ქუჩები პოლიციასთან შეტაკებები მოხდა - ქალაქის მოედნებზე მობილიზებულია ასობით სამართალდამცავი, დემონსტრანტების დაშლას სპეციალური საშუალებების გამოყენებით ცდილობენ. უკვე ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების და დაკავებულების შესახებ.
ბრიუსელში შესასვლელ მაგისტრალებზე ასობით ტრაქტორი გამთენიისას გამოჩნდა, ძალოვნები ათი ათასობით ფერმერს მავთულხლართებით, სპეციალური ტექნიკით და წყლის ჭავლის მანქანებით დახვდნენ.
ბარიერის გარღვევის შემდეგ, დემონსტრანტებმა ქალაქის ცენტრალური ნაწილი დაიკავეს და ევროპის კვარტალში, პროტესტი ევროკომისიის და ევროპარლამენტის შენობების მიმდებარედ დაიწყეს.
ფერმერებმა ბრიუსელში ხილი, ბოსტნეული და კვერცხები ჩაიტანეს, ისროლეს ქვები და ფეიერვერკები, დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა, შენობების ფასადები, ქუჩებში ინვენტარს და საბურავებს ცეცხლი მოუკიდეს. საპასუხოდ, პოლიციამ ხელკეტები, ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ევროპის პოლიტიკურ ცენტრში, 27 სახელმწიფოს წარმომადგენლების პროტესტის მიზეზი, დღეს, ევროკავშირის საბჭოზე განსახილველი საკითხია. ქვეყნების ლიდერები ევროკომისიის გეგმას განიხილავენ, რომელიც სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადებას ითვალისწინებს.
ფერმერები ამბობენ, რომ 15 წლით „მერკოსურის“ ქვეყნებიდან: ბრაზილიიდან, არგენტინიდან, ურუგვაიდან, პარაგვაიდან და ბოლივიიდან იმპორტირებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე გადასახადების მოხსნა- ადგილობრივ მწარმოებლებს, არათანაბარ პირობებში აყენებს, შემოსავალს ართმევს და პროდუქციის ხარისხს აზიანებს.