214 ლარი - საქართველოში ყოველთვიური ხელფასი საშუალოდ სწორედ ამ რაოდენობით გაიზარდა. 2025 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, პროცენტულად 10,4 მაჩვენებლით გაზრდის შედეგად, ყოველთვიურმა ანაზღაურებამ 2 271.6 ლარი შეადგინა
საანგარიშო პერიოდში, ყველაზე მაღალი ყოველთვიური შემოსავალი - საშუალოდ 4 212 ლარის ოდენობით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში დასაქმებულებმა მიიღეს. 15,2 პროცენტით გაეზარდათ ანაზღაურება მშენებლობის სექტორში დასაქმებულებს. მათი ხელფასი 3 682 ლარია. გაზრდილი ანაზღაურება ერგოთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში ჩართულ პირებს, მათი ხელფასი 10,7 პროცენტით გაიზარდა და 3 526 ლარი გახდა. სამთო მოპოვებითი მრეწველობის სექტორმა კი დაქირავებით დასაქმებულებს, საშუალოდ თვეში 3 154 ლარი გადაუხადა.
ხელფასების მატება დაფიქსირდა, როგორც ბიზნეს, ისე არასამეწარმეო და საფინანსო სექტორებში.
ბიზნესში საშუალო ხელფასი 10.5%-ით გაიზარდა და 2 420.9 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქაც ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში გაიცა. რაც შეეხება არასამეწარმეო და საფინანსო სექტორს - საშუალო ხელფასმა აქ, 2 000 ლარს გადააჭარბა. ამ მიმართულებით ყველაზე მაღალი საშუალო ანაზღაურება, საფინანსო-სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს ერგოთ. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში, ქვეყანაში დაფიქსირებულმა ეკონომიკურმა სტაბილურობამ, მათ დასაქმებულებისთვის თანამდებობრივი სარგოს გადახედვის და გაზრდის შესაძლებლობა მისცა.
საქართველოს მთავრობაში, იმ ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც ხელფასების გაზრდის გადაწყვეტილებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. გონივრული ეკონომიკური პოლიტიკა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, მოსახლეობის ყოველდღიურობაზე დადებითად აისახება. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ ახლა მთავარი, არსებული კურსის სამომავლოდ შენარჩუნებაა.
დასაქმებულთა და მათი საშუალო ანაზღაურების შესახებ განახლებული მონაცემები, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა.
ავტორი: ირაკლი კოშაძე.