18 ივნისი 2026,   22:58
ვრცლად
ტრაგედიად ქცეული ჰანუკას დღესასწაული სიდნეიში - ტერორისტული აქტი მამა-შვილმა განახორციელა, მათ 10-დან 87 წლამდე ასაკის 15 ადამიანი იმსხვერპლეს

სიდნეი, 18:47 საათი - ბონდის სანაპიროზე მდებარე ისტორიულ პარკში საჯიდ და ნავიდ აკრამები სწორედ მაშინ მივიდნენ, როდესაც ქალაქის ისრაელელი თემი რელიგიურ დღესასწაულს ჰანუკას აღნიშნავდა.

პოზიციების დაკავების შემდეგ, თავდამსხმელებმა ათასამდე ადამიანის მიმართულებით ცეცხლი ავტომატებიდან გახსნეს. ექვს წუთზე ნაკლებ დროში ქალაქის ცენტრალური ნაწილი ადამიანების ცხედრებით და დაჭრილებით გაივსო.

მამა-შვილმა, 10-დან 87 წლამდე ასაკის 15 ადამიანი მოკლა. ტერორისტულ აქტს 10 წლის გოგონა ემსხვერპლა. მძიმეა ათობით დაჭრილი ადამიანის მდგომარეობა, მათი სიცოცხლის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ.

ვიდრე მოქალაქეები თავის გადარჩენას გაქცევით ცდილობდნენ, ტერორისტების შეჩერება ერთ-ერთმა გამვლელმა სცადა. 43 წლის სირიელი მამაკაცი, შეიარაღებულ თავდამსხმელს მიეჭრა და ავტომატი ხელიდან წაართვა, თუმცა მალევე თავადაც მძიმედ დაიჭრა.

თავდასხმის შესახებ მიღებული შეტყობინების შემდეგ ადგილზე ასობით პოლიციელი მობილიზდა. პარკის პერიმეტრზე დაჭრილ ადამიანებს მედიკოსების მისვლამდე პირველადი სამედიცინო დახმარება სწორედ ოფიცრებმა აღმოუჩინეს.

თავდამსხმელების იდენტიფიცირების შემდეგ, ძალოვანებმა რეიდი ორ კონკრეტულ მისამართზე დაიწყეს. ჩხრეკის შემდეგ გაირკვა, რომ მოკლულ თავდამსხმელს, იარაღის ტარების და შენახვის ლიცენზია ჰქონდა მიღებული. ცნობილია ისიც, რომ საჯიდ აკრამი 2019 წელს ტერორისტული ორგანიზაციის "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით 9 თვის განმავლობაში იკითხებოდა.

ამ დრომდე პასუხგაუცემელია შეკითხვა, თუ როგორ აღმოჩნდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ეჭვმიტანილი პირის სახლში 6 სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი. ქვეყნის პრემიერმა მოქალაქეებს პირობა მისცა, რომ მთავრობა ქვეყანაში იარაღის შესახებ არსებულ კანონებს გაამკაცრებს.

სიდნეის ისრაელელი თემის წინააღმდეგ მიმართული ტერაქტიდან მალევე, მომხდარი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა შეაფასა და ავსტრალიის ხელისუფლება ქვეყანაში ანტისემიტიზმის წახალისებაში ღიად დაადანაშაულა.

ანტისემიტიზმით მოტივირებული ტერაქტი უკვე დაგმო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერომ, ევროკომისიამ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა. საერთაშორისო თანამეგობრობამ, ავსტრალიას და ისრაელელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ძალადობის და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გამოდის ოფიციალური თბილისიც. მომხდარი ტერორისტული თავდასხმა დაგმო და მსხვერპლთა ოჯახების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაზარალებულების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა და ავსტრალიის მთავრობას, ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე 

დღის ამბები