საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა. ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე ბრალდების მხარის 10 მოწმე გამოიკითხა. მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ივნისში დააკავა.
მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
"ჩვენებებითაც და ამ მტკიცებულებებითაც დასტურდება, რომ რომეო მიქაუტაძე მონაწილეობდა სხვადასხვა კორუფციულ სქემებში და ასევე, როდესაც იყო საჯარო მოხელე, მონაწილეობდა სხვადასხვა კომპანიების მართვაში. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ გამომძიებლები, რომლებიც მონაწილეობდნენ აღნიშნული საქმის გამოძიებაში. დაცვის მხრიდან არანაირი კრიტიკული შეკითხვა არ დასმულა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ გამოძიება მაღალ დონეზე ჩატარდა", - აცხადებს პროკურორი ირაკლი მარშანია.