კაცი მძიმე ბედისწერით, ომში დაკარგული ბავშვობით და ბავშვობაში დაკარგული ოჯახით - ეს 94 წლის ჯემალ ცინცაძეა - ასე დაარქვეს აჭარაში. სანამ დაიკარგებოდა, ჭიათურელი ცელქი ბიჭი იყო და გენადი მოდებაძე ერქვა.
სისხლისმღვრელი ომის მთელი სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადა. მამა დაეღუპა. სახლში ორსული დედა, პატარა და და თავად დარჩნენ. მალე ტრაგედიას ტრაგედია დაემატა.
საბედისწერო მარშრუტმა მშობელს დააშორა. ჭიათურიდან ბათუმში შემთხვევით აღმოჩნდა - სრულიად უცხო გარემოში, უცხო ადამიანებთან ერთად. მაშინ არავის უფიქრია, რომ 9 წლის ბიჭი სახლში დაებრუნებინა. მეტიც, მატარებელში გამოჩნდა ქალი, რომელმაც დაკარგული ბიჭის შვილად აყვანა მოინდომა.
ბევრ დამცირებას, უსამართლობას გაუძლო - თითქოს წინ მიიწევდა, თუმცა მთავარ მიზნამდე მისასვლელ გზას უკეტავდნენ - დედის ძებნას ვერ ახერხებდა. გამზრდელი ოჯახი ბევრ რამეში ზღუდავდა.
მშობლიურ სოფელ ჯოყოეთის მახლობლად უთხრეს, რომ მისი გვარი დიდი ხნის წინ მესხეთში გაასახლეს. მერე იყო გაზეთი - წლების წინ დაკარგულმა ბიჭმა მთელი მისი ისტორია ერთ ფურცელზე დაატია და რედაქციაში გაგზავნა.
დედა დაკარგულ შვილთან მალევე წავიდა. ზუსტი მისამართი არ იცოდა, თუმცა ბათუმში სრულიად უცხო ადამიანებმა შვილი აპოვნინეს.
მძიმე წლების მიუხედავად, დედას ახალციხეში საცხოვრებლად არ გაჰყვა. სოფელ მახოში დარჩა, თუმცა აღმზრდელმა ოჯახმა სახლიდან გაუშვა.
ამის შემდეგ, თითქოს ყველაფერი დალაგდა, თუმცა ოცნება, რომელთანაც ახლა უკვე 84 წელი აშორებდა, ოცნებად რჩებოდა.
"კურიერი P.S.", ბაბუსთან ერთად, სოფელ მახოდან ჯოყოეთში მიდის. 210 კილომეტრს ისე ვფარავთ, რომ მოხუცი თითქმის არ საუბრობს, მის თვალებში კი 9 წლის ბიჭის მოგონებები ცოცხლდება.
მალევე იპოვა ადგილი, სადაც მისი ხის სახლი იდგა. არ ელოდა, რომ ჯოყოეთში მისი მოგვარეებიც დახვდებოდნენ.
ასეთია ბედისწერა, ტრაგედიას სიხარული მოსდევს, წარსულს კი მომავალი.