საათზე ნაკლები კენჭისყრის დასრულებამდე - ვინ გახდება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულ ცოტა ხანში გაირკვევა. დღესვე უნდა გახდეს ცნობილი აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკისა და სარევიზიო კომისიის წევრების ვინაობაც. თავმჯდომარის არჩევის პროცესში მონაწილეობა 6 ათასამდე დელეგატს შეუძლია.
საარჩევნო პროცესი, რომელსაც კანდიდატების 24 და არასამთავრობო ორგანიზაციის 22 წარმომადგენელი აკვირდება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. ხმებს ელექტრონული აპარატების საშუალებით დაითვლიან. თავმჯდომარის არჩევნების შედეგები, დამატებით, ხმის დამთვლელი კომისიის მიერ კრებაზევე, საჯაროდ, ხელით გადაითვლება.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე 6 კანდიდატია წარდგენილი.
"საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს. პროცესს აკვირდება 40-ზე მეტი დამკვირვებელი. ასევე, არჩევნებს უძღვება ხმის დამთვლელი კომისია, რომელიც 15 ადვოკატის შემადგენლობითაა დამტკიცებული გუშინდელ, საერთო კრებაზე. ადვოკატთა ასოციაციამ უზრუნველვყავით ძალიან გამჭვირვალე, მრავალი დამკვირვებლით გაჯერებული არჩევნები. ასევე, ვიყენებთ მაღალ ტექნოლოგიებს. ადამიანური შეცდომის თუ ადამიანური მიკერძოების შანსი არის გამორიცხული", - აცხადებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი.