14 აგვისტო 2026,   20:56
ვრცლად
გიორგი გახარიას სტრასბურგმა ვერდიქტი გამოუტანა - ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კი "ქართული ოცნებისთვის", ყველა სპეკულაციას წერტილი დაესვა

გერმანიაში იმიგრირებულ გიორგი გახარიას სტრასბურგმა ვერდიქტი გამოუტანა - ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კი "ქართული ოცნებისთვის", ყველა სპეკულაციას წერტილი დაესვა. მათ შორის იმ ბრალდებებს, რომ გახარიას წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარე ახლა ბრიუსელს ურჩევს ჩამოყალიბდეს: აღიარებს თუ არა ევროპის პოლიტიკური დედაქალაქი, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას?!

ის, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება აქვს, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, მაშინ როცა სამართალდამცველებზე თავდასხმა ან სახელმწიფო ორგანოებზე შტურმი მიმდინარეობს - ეს სტრასბურგის 17-მა მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჰქონდა მითითებებიც, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქართული გამოძიება სრულად გაიზიარებს.

"ქართული ოცნება", გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე საუბრობს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გუნდში კი ევროსასამართლოს ვერდიქტს მიესალმებიან. ამტკიცებენ, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გახარიას არ გაუცია.

არადა, იმას,  რასაც დღეს მის გუნდში უარყოფენ, წლების წინ თავად გახარია აღიარებდა. მაშინ როცა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ღიად ამბობდა, რომ 20 ივნისის ღონისძიებებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობაა, მისივე ხელმოწერით დადასტურებული. დებდა პირობასაც, რომ პასუხს, კანონის წინაშე აგებდა.

გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე საუბარი უჭირს ერთ დროს მის პარტნიორ პარტიასაც. "ლელოში" აცხადებენ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ეხება.

სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს პროკურატურის გამოძიებასთან. მმართველი გუნდის ლიდერები, ევროსასამართლოს ქვედა პალატის 2024 წლის ვერდიქტს იხსენებენ, სწორედ მაშინ დაევალა ქართულ მხარეს, ხელახალი გამოძიების ჩატარება. არაერთი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ კი გიორგი გახარიას, ორი მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ევრო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე კომენტარი პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლებას გარკვეული კითხვის ნიშნები აქვს, რასაც პასუხს გამოძიება გასცემს.

20 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილება გამოტანილია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ადამიანის ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 20 ივნისს მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან, არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, საპასუხო ღონისძიება კი ისე იყო დაგეგმილი, რომ ძალადობრივ პროცესებში მონაწილე პირების გარდა, აქციის სხვა დემონსტრანტებიც დაზიანდნენ. ვერდიქტში ჩაიწერა ისიც, რომ 20 ივნისის დემონსტრაციის დროს პარლამენტზე შტურმი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა წაახალისეს. 2019 წლის 20-21 ივნისს აქციების დროს დაახლოებით 240 ადამიანი, მათ შორის 40-მდე ჟურნალისტი და 80 პოლიციელი დაშავდა.

დღის ამბები