18 ივნისი 2026,   23:06
ვრცლად
მოლაპარაკებები სამშვიდობო გეგმაზე - ტრამპმა ზელენსკი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ოთხწლიანი ომის დასრულების და მშვიდობის დამყარების მთავარ დაბრკოლებად დაასახელა

ომის ხარჯზე გამდიდრების, მასშტაბური კორუფციის, დემოკრატიული უკუსვლის და უმადურობის შესახებ მისი ცნობილი განცხადებების შემდეგ, ტრამპმა ზელენსკი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და უკრაინის პრეზიდენტი 4 წლიანი ომის დასრულების და მშვიდობის დამყარების მთავარ დაბრკოლებად დაასახელა.

ბრალდებებთან ერთად, ამერიკის პრეზიდენტმა კიევისთვის წაყენებულ პირობებზეც ისაუბრა, ვაშინგტონის ხელმძღვანელობით მხარეები ახლა უკრაინის ტერიტორიების გადანაწილების ვარიანტებს ამუშავებენ. ტრამპმა პროცესი უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რთულ გარიგებას შეადარა.

ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის პრეზიდენტზე მიმდინარე ზეწოლის პარალელურად ტრამპმა ზელენსკიზე ზეწოლის განხორციელება ევროპელ ლიდერებსაც დაავალა, ინფორმაცია "უოლ სტრიტ ჟურნალმა" გაავრცელა. კონფიდენციალურმა წყაროებმა გამოცემას უთხრეს, რომ ტრამპს სურს ზელენსკიმ ის სამშვიდობო გეგმა მიიღოს, რომელიც კიევისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიულ დანაკარგებს გულისხმობს.

უკრაინაში ომის დასრულების თეთრი სახლის პირობები ზელენსკის ონლაინ შეხვედრის დროს სახელმწიფო და ომის დეპარტამენტის მდივნებმა განუმარტეს. რუბიოსთან და ჰეგსეტთან საუბრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ ვაშინგტონის მოთხოვნის საპასუხოდ უკრაინაში არჩევნების და ტერიტორიული დათმობების საკითხები მოსახლეობამ კენჭისყრით უნდა გადაწყვიტოს.

კიევის განმარტებით, უკრაინას ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დემილიტარიზებული ეკონომიკური ზონის შექმნას სთავაზობენ. რაც უკრაინელი სამხედროების მხრიდან დონეცკის ოლქის სრულად დატოვებას გულისხმობს, საუბარია იმ მიწაზე, რომელსაც ამ დრომდე უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთი არ იქნება ვალდებული ჯარი დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებიდან გაიყვანოს. შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში მსგავსი ვალდებულება რუსეთის ძალებს დნიპროს, ხარკოვის და სუმის ოლქების მიმართ გაუჩნდება. ახლა მხარეებს შორის სადავო საკითხად დონეცკის ოლქის ტერიტორია და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სტატუსი რჩება.

სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად, ვლადიმერ პუტინმა სამხედროებთან შეხვედრა გამართა და ჯარს უკრაინაში საომარი მოქმედებების გაგრძელების ბრძანება მისცა.

დიპლომატიური მოლაპარაკებების მიუხედავად უკრაინაში ფრონტის ხაზზე საომარი მოქმედებები არ წყდება. მედიის ინფორმაციით, ყველაზე რთული ვითარება ხარკოვში, ზაპოროჟიეში და დონბასშია, უკრაინის ამ რეგიონებში, 9 ქალაქის შტურმს რუსეთის არმია ერთდროულად ახორციელებს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები